ვინმე იმაზე თუ დაფიქრებულა, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტები ერის იმიჯები ხდებიან, ისინი ჩვენი ცოდვების სიმძიმით, დორიან გრეის პორტრეტივით, ნელ-ნელა მახინჯდებიან. მერე, როდესაც ამ ჩვენივე სიმახინჯით აღშფოთებულნი, ჯავრს მათზე ვიყრით და გულში დანას ჩავცემთ, დაკოდილი და ცოდვებით დამახინჯებული ჩვენივე ქვეყანა შეგვრჩება ხოლმე ხელში, “განწმენდილ” პრეზიდენტებს კი პანთეონებში მივასვენებთ.
ხსნას რომ მხოლოდ (მორიგი) პრეზიდენტის (ავის თუ კარგის) ფეხქვეშ გათელვაში ვეძებთ, იმაზე თუ ვფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ღრმად, ერის დაცემულ მენტალიტეტშია ჩამარხული. თუ გვახსენდება “შეძახილით ხე გახმაო”. თუ ვაცნობიერებთ რომ ამ ძვალსა და რბილში გამჯდარი, მუდმივი ბილწსიტყვაობით, ავის რწმენით და ავის ქადაგებით, განმკითხველობით და ავის სურვილით ნებისმიერ ახლად ამოყრილ ნერგს გავახმობთ.
წამდაუწუმ რომ საპატრიარქოში დავრბივართ, ის თუ გვახსოვს რომ იესო, ისრაელს მაშინ მოევლინა როდესაც ქვეყანა რომის ყმობაში იმყოფებოდა. ჰეროდე ტირანობდა, რომის ხარკი კი ქვეყანას სულს ხდიდა. იესო, იუდეველთა მეფედ და მხსნელად მოიაზრებოდა. ერთი სიტყვა თუ გახსოვთ სახარებიდან სადაც იესო ან ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს ან ვინმე კონკრეტული პირის განკითხვა-გასამართლებისკენ. როდესაც მას ამის გამო გამომწვევი შეკითხვა დაუსვეს, კეისრის ხარკზე რას ფიქრობო, იმ ბრწყინვალე სიტყვებით უპასუხა, რომლებმაც საუკუნეების სიბნელე გამოანათეს – “მიეცით კეისარს კეისრისაო”. ბედნიერების, წესრიგის, სიყვარულის, ნეტარების საძებნელად იესომ ისინი (და ჩვენც) სულ სხვა მიმართულებით გააგზავნა, საკუთარ თვალში დირეს ძებნა დაავალა და არა სხვის თვალში ბეწვისა. საკუთარი სახლის (სულის) დაწმენდა-დაპატრონებისკენ მოუწოდა და არა გარეგარე კუდიანების ძებნისკენ.
ჰოდა, ძალიან მაინტერესებს ამ ჩვენს საქართველოში, დღეს, ვინ იქნებოდა გმირი, იესო თუ ბარაბა.
თუმცა, უკვე წარმომიდგენია ამ ჩემს ნაწერზე დიდი ნაწილის რეაქცია – “რა დროს სახარებაა კაცო, ქვეყანა თავზე გვექცევაო”. სწორედ ასე მიპასუხა უწინ ჩემმა ერთმა ნათესავმა, რომელმაც ღვიძლი ბიძის გასასამართლებლად დამიბარა და მე კი გავბედე და იესო შევახსენე.
ჰო, რა დროს იესოს რჩევებია. იესო მხოლოდ ქორწილებსა და პანაშვიდებში. იესო მხოლოდ იმისთვის რომ ყალბნეტარება მოფენილი სახეებით პირჯვარი გადავიწეროთ და ღვთისგან დაცულობის ილუზიაში ვიცხოვროთ.
მაინტერესებს, იმათ, ვინც ჭირსა თუ ლხინში ეკლესიასთან არიან ატუზული, გულში მჯიღის ცემით სვამენ (იდაყვაწეულნი) წმინდა სალოცავების სადღეგრძელოს და ეხლა კი ხელში ქვა მომარჯვებული დარბიან, თუ ახსოვთ – “პირველი ქვა მან ისროლოს, ვინც უცოდველიაო”.
ვინც მოუწოდებს პარლამენტიდან ყურით გამოთრევისკენ და ქუჩაში გასამართლებისკენ თუ ახსოვს – “ნუ განიკითხავო”, “მიუტევე, დაუტევე და იყოს ის შენთვის ვითარცა მებაჟეო”.
ნუ განიკითხავო? ამაზეც წარმომიდგენია ბევრი თქვენგანის რეაქცია. ეს რომ ერთ ჩემს მეგობარს ვუხსენე შემომიტია, აბა რა ვქნა გულხელდაკრეფილი ვიჯდეო? ამხილე მეთქი, რომ ვუთხარი შუშის თვალებით შემომხედა, აბა მე რას ვაკეთებო. სულ მცირე ერთსაათიანი მსჯელობა მაინც დამჭირდა მასთან, რომ განკითხვასა და მხილებას შორის სხვაობა დაენახა. და ის ჩემი მეგობარი გამონაკლისი არ არის. იესო გვეუბნება ნუ განიკითხავო, იგივე იესო გვიბრძანებს ამხილეო. და თუ დაგვავიწყდა (ან არასოდეს გვცოდნია) რა რას ნიშნავს, გავიხსენოთ რომ განკითხვა სიბრაზეა, მხილება სინანული, გაკითხვა აგრესიაა, მხილება სიყვარული, განკითხვა ლანძღვაა, მხილება რჩევა, განკითხვა დასჯაა, მხილება დახმარება და გამოსავლისკენ მითითება, განკითხვა შხამის ამონთხევა და სხვისი ენერგიის მიტაცებაა, მხილება ღვაწლი, შემოქმედება და სიკეთის თესვა.
არა ცილი დასწამოო? ეს ხომ მხოლოდ ზღაპრად წერია ბიბლიაში.
რამდენიც გინდა იმდენი პირადი მეგობარი და ახლობელი ვამხილე იმაში, რომ დაუდასტურებელ ავ ჩაძახილს (ერთი თუ მეორე მიმართულებით) გადაუმოწმებლად, ეჭვმიუტანლად ამოსძახებდა და სიმართლედ ასაღებდა (ოქრუაშვილის “გაპარსული ფეხებიდან” დაწყებული, ბურჯანაძის “რუსეთის აგენტობით” გაგრძელებული, თუ მუხროვანის ამბოხის “ჩაწყობით” დამთავრებული). ცილის წამების მცნება რომ შევახსენე და სიფხიზლისკენ მოვუწოდე ხმალი იშიშვლეს, მე რა შუაში ვარ “ცნობილი ფაქტიაო”. მაინც რა მოხერხებული, ყოვლისმომცველი წყაროა ეს “ცნობილი ფაქტი”, სადაც გინდა იქ დაიმოწმებ.
და თუ მაინც ძნელია იმის დანახვა რომ მთვარი პრობლემა ჩვენივე სულის სიღრმეშია, მე გეკითხები მკითხველო, ეკლესიასთან ანგარიშმიუცემლად ატუზულო მკითხველო, ხელში ქვამომარჯვებულო მკითხველო: ის ვინც ავს უფრო იწამებს ვიდრე კარგს, ავს უფრო ხედავს ვიდრე კარგს, ავს უფრო ახსენებს ვიდრე კარგს, ავს უფრო ქადაგებს ვიდრე კარგს, ზიზღს თესავს და არა შერიგებას, განიკითხავს და არა ამხელს, ჩაქოლვისკენ მოუწოდენს და არა ლმობიერებისკენ, ამბოხისკენ და არა თვინიერებისკენ, ვის ძალას აღიარებს ეს ადამიანი (ერი), ვისი სჯერა და ვის ემსახურება, ღმერთს თუ ეშმაკს?
და ბოლოს, საინტერესო ისაა რა შეკითხვის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს, ვინ როგორ ხედავს რეალობას, თუ ვინ როგორ ქმნის რეალობას.
ვინაიდან:
“ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ რაც ამ ლეღვს შეემთხვა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, – ასე იქნება” მათე.21.21 …
… ჰიტლერმა შექმნა გერმანია, თუ გერმანიამ ჰიტლერი? შევეკითხე ერთ მთავრობაზე გაკაპასებულ ორატორს (სხვათა შორის ზვიად გამსახურდიას დროსაც ტელევიზიასთან იდგა). კვადრატული თვალებით შემომხედა, ვერ გაიგო რას ვეკითხებოდი. აღარ ჩავძიებივარ…
მოლოდინში
შუქ-ჩრდილიან მოსახვევში, აჩრდილივით ჩამიარა,
თვალის კიდეზე გამიკრთა, უმალ კუთხეს მიეფარა,
ჩალისფერი დალალები შავ ლაბადაზე ეყარა,
მისი სურნელი ვიგრძენი, მომეჩვენა? ნუთუ არა?
მძინარი გამომაღვიძა, საფიქრალი გადამყარა,
შემოვბრუნდი, დავედევნე, სევდამ უმალ გამიარა,
ხალხმრავლობაში დავლანდე, ჟრუანტელმა დამიარა,
ნაბიჯ ნაბიჯ მივყვებოდი… თუმცა დიდხანს არ იარა…
სხვას ვინმეს გადაეხვია, ქუჩაზე გადაიარა,
მასთან ხელჩაკიდებულმა ქვაფენილი ჩაიარა…
ოცნებიდან გადმოსული, მისი იყო, ჩემი არა.
სიზმარი
ერთი სიზმარი მესიზმრა, იყო რამე საოცარი,
გახუნებულ სარეველში ვარდი ხარობდა უმჭკნარი,
იდგა ქედის მოუხრელად, დარი იყო თუ ავდარი,
არცა სეტყვა აშინებდა, არცა ქარი ბობოქარი,
ჯერ შორიდან ვუთვალთვალე, გავუბედე მერე პწკარი,
იფეთქა და მომაღვარა წრფელი ნიჭის ნიაღვარი,
მომისრა და დამილეწა ფარი ჩემი და აბჯარი,
დამავიწყა საზრუნავი, ძმაკაცი და მეგობარი,
მის სარკმელთან მიმაჯაჭვა მხოლოდ მასთან მოუბარი.
მეწადა მივსულიყავი მომესვა მისი ნექტარი,
ვევედრე და არ გამიღო ციხე-ცხრაკლიტულის კარი,
გამეღვიძა… ვერ გავიგე ცხადი იყო თუ სიზმარი.
შავი თმის ჩრდილში
სიცივით დაღლილს, ისე მჭირდები,
როგორც ბავშვობას ალერსის კალთა,
შავი თმის ჩრდილში ალერსს მპირდები,
შენ ხომ ალერსით არ იცი დაღლა.
და აი, ისევ ტალღას მივყვები,
ჩარღვეული მაქვს ამაყი აფრა,
არც ზეციერი სხივი მიზიდავს,
არც მიწიერი დიდების დაფნა,
მხოლოდ ეს წამი… შავი თმის ჩრდილში…
და აღარ მინდა დარაბის გახსნა.
უშენოდ
საღამო მშვიდი დადგა, ქალაქში ბინდი ჩადგა,
ჩუმი და ცარიელი უშენოდ,
უეცრად სადღაც გაქრა გულისთქმა, როგორც ნატვრა,
და ისევ მარტო ვარ უსაშველოდ…
და როგორც სველ ფანტელს, გიწვდი მოცარულ ხელს,
სიზმარი არ ახდა უშენოდ.
სურვილი აბეზარი, როგორც უწყვეტი ზარი,
გულს ააფორიაქებს უშენოდ,
და სულის მეგობარზე, უცხო, საოცარ ქალზე,
ოცნება არ ახდება უშენოდ,
ეს გული ვერ იტევს სევდას ამოუთქმელს
და ბოლოს მომიღებს უშენოდ.
მე რო მინდა, როგორ მინდა, როგორც ყვავილს ნამი ციდან,
გულგანდობა, ნაზი გრძნობა, თანაგრძნობა ერთი ციდა,
სად გეძებო, სად გიპოვო, ასე წმინდა, მე რო მინდა,
ამ უბიდან გამიფრინდა თითქოს ანგელოზი ციდან.
მხოლოდ მზე ავსებს მთვარეს, მწუხრის ჟამს მოელვარეს,
სინათლით ვერ ვივსები უშენოდ,
დავდივარ ნახევარი, სევდასთან ნაომარი,
მთლიანი ვერ ვიქნები უშენოდ,
მოგელი როგორც მზეს, ყოველ ცისმარე დღეს
ვევედრი არ დასრულდეს უშენოდ.
მე რო მინდა, როგორ მინდა, როგორც ყვავილს ნამი ციდან,
გულგანდობა, ნაზი გრძნობა, თანაგრძნობა ერთი ციდა,
სად გეძებო, სად გიპოვო, ასე წმინდა, მე რო მინდა,
ამ უბიდან გამიფრინდა თითქოს ანგელოზი ციდან.
—
The evening is down, empty and calm,
It’s dark in the city without you.
My joy has gone, like a flake from a palm,
I’m terribly lonely without you.
My self isn’t mine, the sun doesn’t shine,
My dream won’t come true without you.
Burning desire, as an unquenchable fire,
Takes over my heart without you.
I wander lonely, that soulmate only
Will never happen without you.
Once I have held being so sad,
But not anymore, without you.
I have tried helping thirst, without you, but I can’t,
Who to tell how I feel, who can get my lament,
Where to look, where to find such a girl as I meant,
The better part of my heart’s flown away like a bird.
If only the sun makes the moon shine,
I’ll never be shining without you.
I wander lonely, as a half only,
Won’t be complete without you.
Waiting today, and every day,
I pray not to end without you.
I have tried helping thirst, without you, but I can’t,
Who to tell how I feel, who can get my lament,
Where to look, where to find such a girl as I meant,
The better part of my heart’s flown away like a bird.
ლაღი ბათუმი
გატაცება ბევრჯერ დასრულდა
გაფანტული გრძნობით არაფრის,
წელიწადი ისევ გასრულდა
მოგონების თბილ ქალაქში.
მე ამ ქუჩებს შეფარებული,
ვეგებები ზღვით შეფერილ ცას,
ნაცნობ ქუჩებში,
მე ისევ გელოდები შენ, იმედით,
გელოდები, გავედრებ თავს.
ლაღი ბათუმი ძველებურად მეფერება,
რა უცნაური სიხარულით მემღერება,
შორი ოცნება გატაცებით აკვირდება
გარინდებული ვარსკვლავების ჩაფიქრებას.
როცა ზაფხული ცისარტყელებს ხატავს,
საღამო ჩუმი მოგონებებს ართავს,
ლაღი ბათუმი ძველებურად ქარგავს
აღფრთოვანებულ სიყვარულის ამბავს.
მოფარფატე თეთრი აფრები,
აბნევია მოელვარე ზღვას,
თეთრი აფრებით,
მისდევენ მოგონების ქარს ფიქრები,
სიყვარული გვახსენებს თავს.
ლაღი ბათუმი ძველებურად მეფერება,
რა უცნაური სიხარულით მემღერება,
ნაზი ქალწული გატაცებით აკვირდება
გარინდებული ვარსკვლავების ჩაფიქრებას.
როცა ზაფხული ცისარტყელებს ხატავს,
საღამო ჩუმი მოგონებებს ართავს,
ლაღი ბათუმი კიდევ ერთხელ ქარგავს
აღფრთოვანებულ სიყვარულის ამბავს.
…და ისევ გელოდები შენ, იმედით,
მოგონების თბილ ქალაქში.
სურვილი აბეზარი
სურვილი მაქვს აბეზარი,
მინდა სულის მეგობარი.
დაღლილი ვარ მარტოობით,
ვერ ვიჯერებ გულს გართობით,
შტერად ვზივარ საათობით…
ოჰ, არადა, სადღაც არი,
უცნაური, საოცარი,
ერთადერთი ალბათ ქალი,
ჩემი სულის მეგობარი…
უფერული დღე დღეს მისდევს,
დნება უფლის საჩუქარი,
მოუსვენრად მივსდევ ქუჩებს,
წისქვილებთან ნაომარი,
მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე
ჩემი სულის მეგობარი.
ქალწული
ქუჩაში შემხვდა ლამაზი გოგო, წლებით არსრული,
ბიჭი მისდევდა, მისი კბილა, თან თავგასული,
სისხლი უჩქეფდა, იზიდავდა ნაზი ასული,
ჩუმი ღიმილით მომენატრა წლები გასული.