მონობა

მონობა არის როდესაც გინდა შენ ნაცვლად ილოცონ,
როდესაც შიში გიძღვება და არა შემოქმედება,
ზიზილ პიპილოს მადევარ უმაქნის გვამს და ფუყე სულს,
ამაობაში ჩაკარგულს, როდესაც ხავსი ედება.

მონობა არის როდესაც მოგწონს დაყოფა-კუთვნება,
“ჩემიანობით” აგებულს როდესაც უკმევ ქვეყანას,
როცა სამართალს ყიდულობ, მეტადრე როცა ყიდი და
იგივე საჭრელ-საზომით ცდილობ მიუდგე ზეყანას.

მონობა არის კერპის და მბრძანებლის თაყვანისცემა,
შიშერთგულება მარჩენლის, სხეულისა თუ სულისა,
მონება არის როდესაც, რჩეულთა რიგებს ელტვი და
“ჩაწყობით” მოგწონს ფონს გასვლა, არა ლომობით გულისა.

მონობა არის როდესაც ბოროტის ძალას ადიდებ,
როცა სიმართლის არ გჯერა, სილაღის მისი ძალითა,
მონამ არ იცის რა არის თავისი თავის უფლება,
მონას უნდა რომ ატარონ, აღვირით სამართავითა.

მთქმელი თუ ხარ

სათქმელს მოგმადლებს უფლება
თავისა, ცისა სარკმელი,
ნების გაღება გადასწყვეტს,
მთქმელი თუ ხარ, თუ არ მთქმელი,

არავინ იმკის სხვაგვარად,
არცა ნორჩი და არც ხმელი,
პწკარსაც ვერ შეიმოქმედებ
თუკი არა გაქვს სათქმელი.

ნათქვამი უხვად მინახავს
თქმული კი ბევრად ნაკლები,
გამრავლდნენ ფუჭი ღაღადით
ქვეყნიერების ამკლებნი.

როს შემეკითხენ – რითა ვცნოთ
იგი ვისაც აქვს სათქმელი?
ვუთხარი – იგი იქნება
ძვირი პასუხის გამთქმელი.

ბოროტება ნაჭუჭში

ჩვენ თვალწინ თამაშდება სრულმასშტაბიანი დრამა, ყველა არსებული ატრიბუტით და უზენაესი სიმძაფრით. ისეთი დრამა, როგორიც გვეგონა მხოლოდ სადღაც წიგნებში და ფილმებში ცხოვრობდა და არასოდეს წარმოგვედგინა თუ ამას საკუთარ ტყავზე გამოვცდიდით. ის დრამატული პერსონაჟები ხშირად შეთხზულ შელამაზებული გვეგონა, გმირობის თუ ლაჩრობის, ერთგულების თუ ორპირობის ამბები კი გაზვიადებული.

ყველაფერ ამას დღეს საკუთარი თვალით ვუყურებთ. ვუყურებთ როგორ აღზევდა ადამიანში ამპარტევნება, როგორ გამოიკვება და გაფუვდა იგი ზიზღით, ჯიბრით, მომხვეჭელობით, შურით თუ ავის ქადაგებით, როგორ სრულად შთაინთქა მასში ყოველივე შერაცხადი და ჩამოყალიბდა იგი ყველაზე ნამდვილ ურჩხულად.
ვხედავთ თავად როგორ იხრჩობა სხვისთვის ნახარშ ბალღამში ეს შხამით, ცილისწამებით და სიძულვილით გაჟღენთილი იმპერია. როგორი დეგრადირებული, ადამიანობა წართმეულია მისი მოქალაქეების ცნობიერება.

მიუხედავად ამისა, საკუთარ ქვეყანაშიც იმავ წყაროდან ნაჟურ ზიზღს და ჯიბრს ხართ აყოლილი, ურთიერთგანკითხვით, ავის რწმენით და ავის ქადაგებით დაკავებულნი. ისევ არ გინდათ დაინახოთ დირე საკუთარ თვალში და ისევ ხიწვს დასდევთ სხვისაში. ისევ ანგარიშმიუცემლად, ხშირად სიხარულით მიყვებით ბოროტ შეძახილს, მავანის ლანძღვას და მიწასთან გასწორებას, ავის განდიდებას.

ყველაფარი კი “მე” და “სხვა”-თი იწყება. იმიტომ რომ სხვისი სიცუდე შენ უკეთესად წარმოგაჩენს, შენ ცოდვებს გაამსუბუქებს, შენ არასრულფასოვნებას უწამლებს.
სხვისგან კარგით გამორჩევას თუ ვერ ახერხებ, იმ სხვას ხომ იოლად გამოარჩევ შენგან ცუდით. იმიტომ რომ შენ ხარ მთავარი და არა ზოგადად ადამიანი. იმიტომ რომ მხოლოდ შენით იცი გახარება და ვერასოდეს ეზიარე ნამდვილ, საერთო სიხარულს.

ჰო, ასე ნელნელა უკეტავ კარს ნამდვილ სიხარულს, ასე ერეკები შენ თავს კუთხეში, გამოუვალი შიშის კუთხეში, შენი სიკვდილის თუ შენი მარცხის შიშის კუთხეში და სასოწარკვეთას შენთვის ალტერნატივა აღარა აქვს.

ნუთუ ვერ ხვდები რომ ისეთივე თიხით ხარ ნაძერწი და ისევე ხრწნადი, როგორც ნებისმიერი სიმახინჯე ისტორიაში. თუ ამ მოვლენებმა არა, სხვა რაღამ შეიძლება გამოიწვიოს შენში კათარზისი, სხვამ რაღამ შეიძლება აგიხილოს თვალი?

დაანებე თავი ზიზღს და ლანძღვას, ადამიანის ღირსებას ეცი პატივი! იგი ერთია ყველა ჩვენგანისთვის.

განკითხვა მხილებით (მითითებით, ზრუნვით) შეეცვალე, სიანჩხლე შეურიგებელი გულმოდგინებით, სიბრაზე გადამჭრელი მოქმედებით, სასოწარკვეთა არსების სიყვარულით. მიხვდი რომ ნებისიერი “სხვა” შენ ხარ, დაცემული თუ აღზევებული. ნუ დაუპირისპირდები მათ. თუ თავად უკეთეს ადგილას ხარ შეეცადე დაანახო ის ადგილი, თუ არა და გაეცალე. გახსოვდეს, შენც იყავი და შეიძლება კიდევ იყო დაცემული. გახსოვდეს რომ მხოლოდ “მათი” უშუალო მონაწილეობით იქმნება ის გენიალობა რასაც არსების შემოქმედება ჰქვია. გახსოვდეს “მათ” გარეშე არც შენ არსებობ.

გამოდი “შენი” ნაჭუჭიდან. “ვინც ორს აქცევს ერთად იგი არ იწვნეევს სიკვდილს!”

ნეტართა საიდუმლო

სადღაც გარდასულში, ბურუსში ჩაკარგულში,
ბავშობა დავამთავრე, ლაღი და უშიშო.
იქ დარჩა სიხარული, უმანკო აღტაცება,
ცხოვრებით გატაცება, უმტრო და უქიშპო.

მასწავლეს სისასტიკე, მიჩვენეს სიძულვილი,
მითხრეს რომ სხვაში ცუდი მეწამა საფრთხილო,
შემაკრთეს, დამაფრთხეს, ფრთები შემაკვეცეს,
ჩემს და შენს მიმაჩვიეს, მუდმივად საცილოს.

მას მერე ბრძოლის ველად ვაქციე ცხოვრება,
მას მერე ჩასაფრებას მოველი კუთხეში,
მას მერე დედის კალთა მუდმივად მენატრება,
მას მერე შევიქმენი ხისტი და უხეში…

დაკარგულ სამოთხეს მას მერე დავეძებ,
ვიწრო გზა იკლაკნება მთაგრეხილტეხილზე,
მითხრეს რომ ყველა მხრიდან ეშმაკი გვეტანება,
რემეთუ ნეტარება გავცვალეთ ხეხილზე…

ვახსენე დედის კალთა? კი დღესაც მენატრება,
ის სადაც სიყვარული სუფევს უანგარო,
ის რაიც მშობლიური არის სავანე და
ის რითაც იძერწება უთუოდ სამყარო.

ჰო და, რა? იცი? ეშმაკსაც წაუღია,
თუ კი რამ აუგია, მტრობაც და სიფრთხილეც,
ისევ იმ ბავშვობაში სიცოცხლე იმალება,
ისევ ის დაგვიბრუნებს დაკარგულ სიმდიდრეს.

დაყარეთ ფარხმალი, დათმეთ ფარ-აბჯარი,
დაკარგეთ ეგ სული, ზედ რომ დაჰკანკალებთ,
ეგენი გბოჭავენ, ეგენი გაფერხებენ,
ეგენი გიჩრდილავენ მას რაიც გახარებთ.

ნეტართა საიდუმლო უზომოდ მარტივია,
მიენდე არსების ზეიმს უანგაროდ,
ნუ განსჯი, ნუ იდარდებ, ეშმაკსაც წაუღია,
ის რაიც აუგია, დაე მან დათვალოს.

გასუსულებო

გასუსულებო, მკვდარო სულებო,
ჩირგვ-ბუჩქნარებში ჩამალულებო,
შორიახლოდან უყურებთ სეირს,
სხვისი ხელიდან მოელით ხეირს.

ყუფარიებიც თქვენი ჯიშია,
არ ჩაუდგებით ჩაფარს ჯინშია,
თუ მოკლეს დათვი თქვენც ხომ ხეირი,
მყის ამღერდებით, ჰარალ-ჰეირით,
თუ არა, მშრალად გატოპავთ ფონს და
მიეფარებით სეირნ-სეირნით.

ნეტავ რად გინდათ ცხოვრება ასე,
რაში გარგიათ ეგ ცოდვით სავსე,
ვერასდროს შეკრავთ ცაზე კამარას,
ვერ შემოდგებით მყინვარის თავზე,
და ჩაფსმულ-ჩასვრილ სიკვდილის პირას,
ფუჭად ინატრებთ სიცოცხლეს სავსეს.

(ქმ)ნება

ოც|ნებას გაიჩენ წუთით უფიქრებლით,
ორ ნებას შეა|ერთ|ებს მგზნებარე თითები,
ავ|ნებას განიშორებ სხვისთვის თუ იქნები,
თავ|ნება ასეთ გზაზე არასდროს იქმნები.

გა|ნება შემოქმედმა ქმედების უფლება,
ი|ნება ასპარეზი გქონოდა უკლებად,
ე|ნება მოგექარგა ეს ტილო მის დარად,
და|ნებდი, გიძღვებოდეს ეგება უმცდარად.

იქ(მ)ნება არც გგონია გერგება ქმედება,
იქ(მ)ნება არც გადარდებს ეს შემოქმედება,
ევნები ამაო ყოფით და თვით ტკბობით,
ნებას თუ არად გარჯი, არცა რა იქნები.

უქნარობა

ყველაფერზე მეტად მძულს უქნარობა,
რამეთუ უქნარობა შობს უვიცობას,
ამ ორის პირმშოა სიმხდალე,
ამ სამის მონაგარია სიბრიყვე,
ამ ოთხზე ამონაყარია შური,
ამ ხუთზე იმკის ღვარძლი,
ეს ექვსი იფქვავს მტრობას,
შვიდივე ერთად კი განასხეულებს ბოროტებას.
შენ ალბათ არც იცი რა არის ბოროტება.
ბოროტება სხვა არფერია თუ არა ის, რაც, ან ვინც, არანაირად ასარგებლებს, არამედ ზიანს აყენებს იმ მშობელ გარემოს, რომელშიც თავად არსებობს.
მებრალებიან უქნარანი, ჰაი, ჰაი, რომ მებრალებიან, მაგრამ ვაგლახ, ეს ჩემი სიბრალული ისევე პროგრესირებს სიძულვილისკენ, როგორც ზემოთ მონათხრობი ქრონოლოგია.

ტრფობის უნარი

ძმისწულთან მქონდა თათბირი,
შიგანს უმღვრევდა დარდები,
სევდისგან დაღონებულმა,
გამანდო გულის ნადები.

ქალწულს ყვარობდა, ნარნარსა,
დიაღამც ასე ეგონა,
არ კი იცოდა, შემდგომად,
რა ექნა, რაი ეღონა.

შაირად, სასიყვარულოდ,
მიუწერია ბარათი,
პასუხი რომ ვერ მიიღო,
ჯიქურ დაუწყო კამათი.

ჯაბანი ხომ არ გგონივარ,
უქმად რადა მრჯი ვაჟსაო,
დავშვერი შენი ხოტბითა,
რად არ მიბრუნებ ვალსაო,

ვერაგი გული გქონია,
იმად იფასებ თავსაო,
შენი მასხარა კი არ ვარ,
სულ აღარ გაგცემ ხმასაო.

განცვიფრებული ვუსმენდი,
სიტყვა მესმოდა მეჩხრეად,
ეგონა ქალი უყვარდა,
ტრფიალი ასე ეჯერა.

ვუთხარი გამკვირვებია
რად იბითურებ თავსაო,
ქალს გინდა გული მოუგო,
მყისვე კი ადებ ვალსაო.

ტრფობა ფლობა არ გეგონოს
და არცა ძალის ძალავი,
ეგრეთი გამიჯნურება
რეგვნობის არის მმალავი.

გიყვარს მაშინ თუ, ჩუმადაც,
გალაღებს მისი არსება,
შენია, თუნდაც სხვისია,
მაინც რომ გულში თავსდება.

ტრფიალი კი არ გაღონებს,
ერთი ათასად გალაღებს,
ქარივით შემოგაქროლებს
ამ მთას და იმ იალაღებს.

ნიავის ჩურჩულს გაიგებ,
მოეფერები ბალახებს,
ხინჯსაც კი ვერ დაუნახავ
ვერც ძონძს და ვეღარც ტალახებს.

ქვეყნად მისთვის ხარ, გხიბლავდეს
ღმერთის და კაცის ქმნილება,
შენი არის თუ სხვისია,
რომ არ სჭირდება მხილება.

არ არის სავალდებულო
რომ ლექსი თავად დაწერო,
თუ შეგიძლია, ჯეროვნად,
მისი სიკეთე აღწერო.

არ უნდა გეჭირვებოდეს,
რომ პატრონობდე ლამაზებს,
მისთვის რომ გახალისებდეს,
ეტრფოდე მათ სილამაზეს.

ეს უანგარო ლაღობა
ყველაფრის საწინდარია,
გულით იქნები ნეტარი,
ავდარია თუ დარია.

მაშინ გექნება უნარი
ფლობისაცა და შექმნისაც,
შეიძლებ ვალის გადახდას
ღმერთისაცა და ქვეყნისაც.
..,
ვერა გაიგო ყმაწვილმა,
უტყვი თვალებით შემხედა,
რას იზამ, ჯერაც ნერგია,
არ მოუყრია ჯერ ხედა.

დევთან სტუმრობა

დევთან ვსტუმრობდი სადილად,
ჯერაც ღვიოდა ღადარი,
მასზედ ნახარში გულღვიძლი
ძმის ხორცის იყო სადარი.

მკითხავდა გულმოდგინებით,
რაით აკვირვებ მზესაო,
მრავლად გექნება ნადავლი,
იმად გიყურებ მხნესაო.

ამბობდა, გამკვირვებია
კაცების შრომა-ამაგი,
ჭაპანსა სწყვეტენ გარჯითა,
და სჯერდებიან ჯამაგირს.

ბარკალს დავჯერდე სადილად?
აგრე არა მაქვს ნასწავლი,
დევი იმად ვარ, რომ ვახშმად
ტაბლას მიზნექდეს ნადავლი.

რასაც ვერ შევჭამ, სამადლოდ,
დავუყრი მთესველ-მხვნელსაო,
რომ ვალში მყავდეს, საკლავად,
გამომიწვდიდეს ყელსაო.

მეც მისი ჯიშის ვეგონე,
გამინდო გულის ნადები,
კაცთაგან ზღვევას უძრწოდა,
არ ასვენებდა დარდები.

არც სიყვარული იცოდა,
არც ჭირში ჰყავდა ზიარი,
ჭექაქუხილიც აკრთობდა,
დილაც სზარავდა მზიანი.

მძაღე სურნელმა დამძალა,
გულზედაც წამომაზიდა,
გარეთ გამოცლა ვიჩქარე,
სულის წარმწყმედი თარსიდან.

ცხოვრობენ ასე დევები,
კაცის და ღმერთის შიშითა,
იმათი ბედნიერება
ნაგები არის ქვიშითა.

რაც კარგები ვართ

არ ვთესთ, არც ვიმკით, არც კალოს ვლეწავთ,
და აღარც ვჭედავთ ლითონს,
მხოლოდ ტაშსა და ფანდურს ვამრავლებთ,
და უხვად სიტყვას ლიტონს.

ჩვენი არ ვიცით, სხვისიც არ გვესმის,
წყევლაც ასეთი უნდა,
ავაგორეთ და გამოგვედევნა
ზვავივით ზიზღის გუნდა.

წინაპრებს ვეტრფით, არ კი რასა ვიქმნთ,
დავალთ გაქუცულ დავთრით,
მხოლოდ მშობელით რომ იამაყებს,
ისეთი შვილის რა ვთქვი.

ჯვრებით ვამაყობთ, წილხვედრს ვიჩემებთ,
კუდი ვუმიზნეთ ყავარს,
ზიზილ-პიპილოს ვეტანებით და
ვერა გავუგეთ მთავარს.

ღმერთი არ გვიყვარს, რომ გვყვარებოდა
არ გავლანძღავდით მოყვასს,
ჩვენი სიცუდის გასამართლებლად,
სხვისი სიცუდე მოგვყავს.

გვიყვარს ჯდომა და მოთქმა-გოდება:
“ნეტავ რადა ვართ ასე?
სხვისი, ვინმესი, ალბათ ბრალია,
იმ ჩვენი ცოდვის სავსეს.”

მზეჭაბუკს ველით, ქვეყნის ამაგად,
რომ მოგვევლინოს მხსნელი,
ვიჯდეთ მერე და სეირს ვუცქიროთ,
არ გავანძრიოთ ხელი.

ერთის ჯინაზე მეორეს ვუკმევთ,
უმალვე გავხდით მახინჯს,
ბელადი გვინდა, რომ არ ვხედავდეთ
არც მის შეცდომას, არც ხინჯს.

შემოვუსხდებით მერე კრუხივით,
მოგვათბობინებს ხელებს,
მოვიძულებთ და მტრებად შევრაცხავთ
“სხვისი” სიმართლის მცველებს.

ჟღალი იმედით გაბრწყინებისა,
წრეზე დავდივართ ასე,
დედა არა გვყავს, სამაგიეროდ,
სიამაყით ვართ სავსე.