სევდანი ნასოფლარისა

დადგება ისევ სადგომი მოუსვენარი ღამისა,
გულს მომაწვება სათქმელი, თხემს გადამდინდეს ლამისა,
დავსჯდები, დავსწერ, დავიფხან იმ გულს ჩვეულის ეშხითა,
ვისთვის ვწერ ნეტავ ვიცოდე, ვარსკვლავთ მავალი ფეხითა.
განა ვინღაა მომსმენი, კაცით დაცლილი ქვეყნიდან,
სიტყვით დაცლილი სუფრიდან, ფოთლით დაცლილი ტევრიდან?
ნასოფლარს დავმსგავსებივართ… სახლისგან ნაცრისფერისგან
შემორღვეულა ღობე და ჭერიც ჩაშლილა ზევიდან…
ჩრდილი ეცემა დაისის, ვერ ამოვიგდე მზერიდან,
მძაღე ნარჩენი ღვინისა ამოჰქორქოლებს ქვევრიდან…

ყანას, ოდითგან ნახორბლარს, შემოერიენ ჭვავები,
ლეშით მოფენილ საძოვრებს დასტრიალებენ სვავები.

მთვლემარე ნისლში

დადგა ღამე და მთვლემარე ნისლში,
აღარ მგონია თუ რამე ვიცი.
მთვარით დაფერილ ფარდის ნაქარგზე,
ქვეცნობიერი ნახატებს მიშლის.
რა მშვიდია და რა უცოდველი ყოფა ასეთი,
არას მოველი,
არც ვეჭიდები რაიმეს ფიქრში,
მთვარის ნაქარგებს ვუცქერი ნისლში.

ნეტარება

სულში იღვრება რბილი სურნელი
წიგნის უბიდან ამონაპარი,
ღამის პეპლების ალყასთან ურჩობს
აბჯარაყრილი ნავთის ლამპარი.

ანცი ჭრიჭინით წყლის ჩხრიალს კმაზავს,
ღამეს ლხინი აქვს გადაწყვეტილი,
ტყეს შეპარვია ლურჯ-შავი ზეცა,
წვრილმარგალიტით გადაპენტილი.

სკამზე აცუცქულს, ქალ-სილამაზეს
წყვილი მუხლი აქვს ამოკეცილი,
პატარა ჭინკა პირღიად ფშვინავს,
გულხელაღმა და სახეკეთილი.

რა არის ნეტა ცად ნეტარება?
ბევრად მეტია ნეტა ამაზე?
არა მგონია ზეყანა იყოს
უპირატესი ამ ქვეყანაზე.

ჩემი სატრფოა ჩემი მეუღლე

რაც უნდა იყოს შენი მიზანი,
გინდ გმირი იყავ, გინდ გულთმისანი,
შეუცნობია გზანი ღვთისანი,
მოჩანან მხოლოდ მწვერვალმთისანი.

ბევრი მათგანი შემოვიარე,
ბენრს ვემიზნე და ბევრსაც ვეუფლე,
გამორჩეულად ბედნიერი ვარ,
ჩემი სატრფოა ჩემი მეუღლე!

No matter what your goals might be,
Be you a hero or a diviner,
Mysterious stay the ways of the God,
All you can see are peaks of the higher.

I’ve traveled through paths of many of them,
Many I aimed at, have conquered or fired.
What matters the most, I am a happy man,
My wife is my lover who I admire

დილა

მეღირსება ისევ დილა,
შენი ხავერდივით სუნი,
მოგეხვევი, დაამდება უკიდედდაგანოდ სული,
დავიჯერებ რომ არასდროს არ დადგება დასასრული.

ეს წამი

მინდა ვიწამო ეს წამი, სიზმარია თუ ცხადია,
მინდა გუდაში ჩავტიო სულ თუ კი რამ მაბადია,
მინდა გავუყვე ამ ბილიკს, მთვრალი, წინ დაუხედავი,
დავხარჯო რაც გამაჩნია, გავხედნო გაუხედნავი,
რომ დავივიწყო ეს სული… შემაძლებინა ნეტავი.

მოლოდინში

შუქ-ჩრდილიან მოსახვევში, აჩრდილივით ჩამიარა,
თვალის კიდეზე გამიკრთა, უმალ კუთხეს მიეფარა,
ჩალისფერი დალალები შავ ლაბადაზე ეყარა,
მისი სურნელი ვიგრძენი, მომეჩვენა? ნუთუ არა?
მძინარი გამომაღვიძა, საფიქრალი გადამყარა,
შემოვბრუნდი, დავედევნე, სევდამ უმალ გამიარა,
ხალხმრავლობაში დავლანდე, ჟრუანტელმა დამიარა,
ნაბიჯ ნაბიჯ მივყვებოდი… თუმცა დიდხანს არ იარა…
სხვას ვინმეს გადაეხვია, ქუჩაზე გადაიარა,
მასთან ხელჩაკიდებულმა ქვაფენილი ჩაიარა…
ოცნებიდან გადმოსული, მისი იყო, ჩემი არა.

ქალწული

ქუჩაში შემხვდა ლამაზი გოგო, წლებით არსრული,
ბიჭი მისდევდა, მისი კბილა, თან თავგასული,
სისხლი უჩქეფდა, იზიდავდა ნაზი ასული,
ჩუმი ღიმილით მომენატრა წლები გასული.