დევთან სტუმრობა

დევთან ვსტუმრობდი სადილად,
ჯერაც ღვიოდა ღადარი,
მასზედ ნახარში გულღვიძლი
ძმის ხორცის იყო სადარი.

მკითხავდა გულმოდგინებით,
რაით აკვირვებ მზესაო,
მრავლად გექნება ნადავლი,
იმად გიყურებ მხნესაო.

ამბობდა, გამკვირვებია
კაცების შრომა-ამაგი,
ჭაპანსა სწყვეტენ გარჯითა,
და სჯერდებიან ჯამაგირს.

ბარკალს დავჯერდე სადილად?
აგრე არა მაქვს ნასწავლი,
დევი იმად ვარ, რომ ვახშმად
ტაბლას მიზნექდეს ნადავლი.

რასაც ვერ შევჭამ, სამადლოდ,
დავუყრი მთესველ-მხვნელსაო,
რომ ვალში მყავდეს, საკლავად,
გამომიწვდიდეს ყელსაო.

მეც მისი ჯიშის ვეგონე,
გამინდო გულის ნადები,
კაცთაგან ზღვევას უძრწოდა,
არ ასვენებდა დარდები.

არც სიყვარული იცოდა,
არც ჭირში ჰყავდა ზიარი,
ჭექაქუხილიც აკრთობდა,
დილაც სზარავდა მზიანი.

მძაღე სურნელმა დამძალა,
გულზედაც წამომაზიდა,
გარეთ გამოცლა ვიჩქარე,
სულის წარმწყმედი თარსიდან.

ცხოვრობენ ასე დევები,
კაცის და ღმერთის შიშითა,
იმათი ბედნიერება
ნაგები არის ქვიშითა.

ტურა-არწივისა

ერთ სოფელს, გველის ნაჯვარი, ვეშაპი შემოესია,
საძოვრებს დაეპატრონა, მყარად გაიდგა ფესვია,
ვაჟკაცნი ამოუწყვიტა, ვინც მიეკარა ახლოსა,
ხმლის ქნევას ვინღა დაეძებს, ვერვინ ლეწავდა კალოსა.

მოჰყვენ სიფლელნი თათბირსა, როგორ ვუშველოთ თავსაო,
ბაყბაყ დევს უხმეს ქომაგად, დაგაჯენთ სუფრის თავსაო.
დევმა სუფრა რომ იყნოსა მყისვე მოიკრბა მცველნია,
დევები, ჭინკა-ალქაჯნი, მშიერი ტურა-მგელია,

დასხდნენ ნადიმად დევები, დაინაწილეს სოფელი,
გველს დაუზავდნენ, შემუსრეს ყველა იმისი მგმობელი,
სრულად გამოხრეს სოფელში ოთხფეხი, შემდეგ ორფეხი,
კაცის ძვალს თითზედ იტეხდნენ, ტურებს უყრიდნენ მოტეხილს.

ცაზედ არწივი გამოკრთა, იყო თვის თავის ამარა,
საძოვრებს გადაუფრინა, ამაყად შეჰკრა კამარა,
არ შეეპუა გველეშაპს, არ გახდა გვარის მგმობელი,
დაჭრილი მოძმის საშველად ცისაც კი იყო მთმობელი.

წამოიშალენ ტურები, ატეხეს ყეფა-ღნავილი,
ვერ შეელიენ ნასუფრალს, აუტყდათ ენის ქავილი,
უყურე არწივს, მუდრეგსა როგორ იწონებს თავსაო,
დევების ნადიმს ჩაგვიშლის, მოასწავებდეს ავსაო,
ჩვენ ტკბილ ნასუფრალს დავკარგავთ, რაღას დავეძებთ სხვასაო,
არ დაგვიყრიან დევები არც ბარკალს, აღარც ფრთასაო.

ასეა ტურის ცხოვრება, და სხვების მისი გორიდან,
სუფრას თუ არ ეტანები მათ “იდიოტი” ჰგონიხარ.
გმირობა უცხო ხილია ტურა-მელა და მგელისთვის,
უმალვე მოგიძულებენ განსხვავებული ფერისთვის.
თვისი საზომით ზომავენ: გექნება ქვენა ზრახვები,
როგორთუ ქველი საქმისთვის, “უსაფრთხო წრიდან” გახვედი.

ტურას და არწივს, ორივეს, ერთი ყავს ქვეყნად გამჩენი,
ვინ რა ვიქნებით განგებამ უფლება მოგვცა არჩევნის.

ამბავი კოღო-ბუზისა

ობობამ უთხრა ბუზანკალს, მე რად მემდური ძამაო,
თვით ღმერთმა დამიკანონა შენნაირების ჭამაო,
რომ ყველა საპყარ-დავრდომილს გამოვადინო წვენია,
გავაბრუო და გავწყვიტო სუსტი ჯიში და გენია.

მარჯვეს, გამრჯეს და შნოიანს ვერ ვემუქრები ღმერთმანი,
თუმცაკი არ მეგულება ბევრი ასეთი თქვენგანი,
ვინც გაირჯება, იმარჯვებს ვერ ამოვაცლი გულსაო,
უუნაროს და უქნარას ამოვარიდებ სულსაო.

ბნელს და ჩრდილიანს სჩვევია მრავლად ობობის ქსელია,
ობობა ხარობს სადაც კი უქმად ბზუილი ბევრია,
ბაყაყიც იქვე იბუდებს სადაც ეგულვის სამყაყი,
ბუზსა და კოღოს უმადლის, მაძღარია და ამაყი.

ასეთ ცხოვრებას ეწევა ჭაობი და უდაბური,
მზის სხივი სადაც ვერ აღწევს, ვერც ნკადულის ხმაური,
რას იზამ, ასე აწესა გამჩენმა ჩვენი დღენია,
ალხანას თავის სადარი ჩალხანა აურჩევნია.

ფუძის ერთობა

ერთმა ჭარმაგმა მგოსანმა გვითხრა,
“უპირველესად ვაღმერთბ ქართველს”.
ქართველი გვიყვარს, როგორც ოჯახი,
ამის უფლებას ჩვენ ვინ წაგვართმევს.

მაგრამ ოჯახი ვარგია მხოლოდ
თუ ის სოფელსაც მოყვრად არგია,
კომლი უსოფლოდ დიდხანს ვერ გასტანს,
თუ ამას მიხვდი, უკვე კარგია.

რა ახსნა უნდა, რომ კომლი მრავლობს,
ქალის თხოვნით და ვაჟის ქორწილით,
სოფელიც სწორედ ასე გაშენდა,
სანამ დავყოფდით ღობე-ბორკილით.

ნუ გიღალატებს გონების სივრცე,
მტრად ნუ შეიცნობ ყველა მეზობელს,
შენში და მათში ერთი სისხლია,
შენსას თუ ამბობ, მათიც გესმოდეს.

და თუ ოჯახში სიძე მოვიდა
ან პატარძალი შემოგემატა,
მერე ბავშვები წამოგეწიენ,
ოჯახს ლხინი და ძალა ემატა,

განა იტყოდი, რომ მონაგარი,
მათი ნაშობი, შენ სახლს არ არგებს?
ვის გაუგია სადმე ოჯახი
მხოლოდ თავისი შვილით გამრავლდეს.

შენი ოჯახი კარგია მაშინ,
როდესაც მასში წესრიგი მეფობს,
როდესაც ყველა ბარავს და თოხნის,
მოსავლის მცველად სუყველა ერთობს.

გვარი არ არის ჭერქვეშ მთვარი,
მთვარი არის ფუძის ერთობა,
და თუკი ფუძეს არავინ მტყუნობს,
ოჯახი იგი არ დაემხობა.

ფარშევანგი

თუკი ჰანგების არარა გესმის
და ლამაზს მხოლოდ ბუმბულით იცნობ,
თუ უვიცობა სულ არ გამორცხვებს,
ყეყეჩ ფარშევანგს ბულბულად იცნობ.
გვარიშვილობას ნიჭად ჩაუთვლი,
ყელმოღერებაც შეუქო ვინძლო,
კუდაპრეხილი ისე მოგხიბლავს,
რომ შეიძლება პატარძლად ირძლო.

სახლი ვაშენე ღრუბლებზედ

სახლი ვაშენე ღრუბლებზედ, იმად ვიყავი ამაყი,
არ მიხმარია ქვითკირი, არც ხე, არც რკინის სამაგრი,
საძირკვლად გამოვიყენე მოყვასნი, მათზე ამაგი,
ასე ვაგებდი, სიმყარით რომ ყოფილიყო ათმაგი.

საყრდენი მრავლად გამოჩნდა, ზრუნვით ნარჩევი სამტკიცი,
სახლს დედაბოძად ვაყუდვნე ძმაი, ერთგულად ნაფიცი.
არ მაშინებდა ამ სახლში არც წვიმა, არც ქარიშხალი,
ბზარი არ ჰქონდა სიყალბის იმას არცერთი მისხალი.

მას მერე წყალმა იარა, და ხანიც უხვად გამოხდა,
გარშემო ბევრი აშენდა, ბევრიც უკვალოდ აოხრდა,
სახლი კი ჯერაც მყარია, თუმცა საწყენი რამ მოხდა,
ის ბოძი, კლდე რომ მეგონა, უბრალო ჭიამ გამოხრა.

ჯერაც სახლში დგას, თუმცა კი ფუტუროდ, მერე რა მოხდა,
მას სახლი აღარ ეყრდნობა, მისი საყრდენი გაოთხდა,
ძველ დროს ხომ მაინც მაგონებს, რაა რომ ჟამი გამოხდა,
ლამაზი იყო, რაც იყო, ბევრი ზღპრული რამ მოხდა.

ბაყო ჭაობელი

შენ არ გიყვარს სუფთა წყალი,
გამჭვირვალე ნაკადული,
უგვანობას ვერსად მალავ,
მკერდი არ გაქვს დაქარგული,

ისევ ჭაობს მიენდობი,
წურბელებში გაფანჩული,
კოღო-ჭიას არ მოგაკლებს
გაზაფხული და ზაფხული,

ზამთარში კი გაერთხმები
სადმე ფსკერზე, განაბული,
გაატარებ ქარიშხალებს,
ყველაფრისგან დამალული.

მსუყე დროს დაელოდები,
მდარე დინებას და ამინდს,
ჭაობის აფუხფუხებას
განადიდებ დითირამბით,

თავმომწონედ იყიყინებ,
ძრომას მოიმარჯვებ მარდად,
სიმყრალე არ შეგაწუხებს,
იგი კვებავს სწორედ მაძღრად…

შენ ვერასდროს ვერ გაუგებ,
წინწკლებიან, ცოცხალ კალმახს,
რადგან, არასდროს აჰყვები
თავბრუსდამხვევ ჩანჩქერ-აღმართს.

რა არს ქათმობა

არწივმა ქათმის ნაშიერს უპატრონა და გაზარდა,
ქორფა ნადავლი უზიდა, ფრთის ქნევაც მარჯვედ ასწავლა,
გზა გაუკვალა, გაუძღვა, ცის კაბადონზედ გაჰლალა,
ეზო-შეღობილს არიდა, ქედებ-ჭიუხებს ადარა.

მერე კი დაშვრა არწივი, გარჯა-ჯაფამა დაჰღალა,
ბუდეს ჩამოჯდა სნეული, ტკივილიც ვეღარ დამალა,
“მართვესა”, დაშეგირდებულს, გული გაუნდო წამალად,
ნაფერებ-ნაგოგმანები, იგულა თავის ამალად.

ვაგლახ, რომ მართვედ აღზრდილი, აუკრიახდა ქათმურად,
ჯიქურ მიუხდა, ჩაჰკორტნა, გავეშებულად, ავგულად:
“განა უფლება ვინ მოგცა, რომ ტახტზედ ლაღად დასჯდეო,
უნდა მეფერო, მიკმიო, მომემსახურო მარჯვედო,
მე ეხლა მაღლად დავფრინავ, მაღალს ვარსკლავებს დავსდევო,
ფუჭად გგონია რომ პატივს წინანდებურად დაგსდებო.”

წარბი შეიკრა არწივმა, შეგირდს გაჰხედა საცდურად,
მიჰხვდა, ქათმები ჰმართავდენ, სულ-გულს უმღვრევდნენ მაცდურად,
ფრთა ფრთას შემოჰკრა, გასცილდა, მოუბართ მუხანათურად
და ქათმის ნაშიერებმა გზა გააგრძელეს ქათმურად.

უკუღმად არ წაიკითხო ეს მინიშნება ჩემია,
არც ჯიშით მოგვდგამს ქათმობა, არც ჯილაგისგან გვრჩენია,
ჩამომავლობა არ არის, ქათმობა საქციელია.

მშობელთან შუამავალი

მშობელს უჩემოდ ვერ ნახავ, ამას გიქადის მავანი
“ექსკლუზიური უფლებით, მშობელთან შუამავალი”.
რაოდენ არ უნდა დაშვრე დებსა და ძმებზე ზრუნვითა,
რაგინდ არ უნდა უზიდო საქმენი ქველნი ურმითა,
თუკი ჩემთან არ შეჰკარი ხელშეკრულება პირადი,
ჩემი ბეჭდით არ გაჰფანტე შენი კედლების წყვდიადი,
არ გაგიკარებს მშობელი, ობლად მიგაგდებს ჭირშია,
ალაყაფის კარს ჩარაზავს, ჩალას გაგავლებს პირშია…

ნუთუ გჯერა რომ მშობელმა მეურვეს გადაგაბარა,
გულცივად გაგანაპირა, გზას შინისაკენ გაგყარა?
იქნებ მეურვე ყალბია? გზამცდარი ან თვითმარქვია?
თავად განსაჯე, თამამად, ასეთ მოამბეს რა ჰქვია.

ამაოების მდელოზე

ამაოების მდელოზე, ამა მიწისა, არ ცისა,
ვერ გაიხარა თავთავმა, ამოიყარა ნარცისმა.
უდღეურია საბრალო, როგორც ნახატი ცარცისა,
ისე გაჰრეცხავს დროება, კვალსაც გადაშლის მარცხისა,
არ დაუდგება ქომაგად არვინ, მიწისა, არც ცისა,
კიდემც ყოლიყო ქომაგი, არ უშველიდა არც ისა…

…იქავ ფუტკარი დაჰფრინავს, სადაც ნექტარი აცხისა,
დაუღალავად ირჯება, დააგემოვნებს ცვარს ცისა…