გული განაგებს

ლამაზი არის ყოველი რაიც კაცის გულს ალაღებს,
აწონ-დაწონვის გარეშე, ამ ამბავს გული განაგებს,
ლამაზი არ დადგინდება არც განსჯით და არც საზომით,
სულის სიღრმეს თუ აამებს ლამაზი ეთქმის ამ ზომით.

ქვეცნობიერი განაგებს რას მოვიწონებთ, რანი ვართ,
იგი გვკარნახობს საქციელს, ხასიათსა და მარიფათს,
ის ჩვენი ნაქნავ-ნაღვაწიც სულის სიღრმეში წერია,
ავის დარი თუ კეთილი, საქმენი ნაირფერია.

ფუჭად ჰგონია უკეთურს ვერას გაუგებს ერია,
ამრიგად, ავი საქმითა არ დააკლდება ფერია,
ყოველი საქმე სასირცხვო გულის წიგნაკში წერია,
არ გაახარებს ავის მქმნელს, ერ იყოს თუნდა ბერია.

თუკი სადგომი სულისა არ გაგისვრია ავითა,
თუ შესძლებ ამოაბრუნო ქათქათა ჯიბესავითა,
ლაღი იქნები ჩიტივით, სუმბუქი სიოსავითა,
ნათელი მოგეფინება მით ფეხებამდე თავითა.

არ გიღირს არა სიმდიდრედ რომ დასთმო იგი ლაღობა,
ნიშანი სისპეტაკისა, ფერადი, როგორც ბალღობა,
თუ არ ჩასთესავ სიავეს, ნაგროვები გაქვს კარგობა,
არ დაგჭირდება მერმისას გულში ბალღამის გალღობა.

იქავე შენახულია ყოველი შენი მარჯვობა,
ლელოს გატანა ჩვევაა,  არ კი გეგონის ანგლობა,
ასევე ჩვევად იქცევა მარცხიანობა, დავრდომა,
სიმარჯვის ჩვევით იწყება გამმარჯვებელად გზადგომა.

ჩადენილ-ნამოქმედარი, შინაური თუ საჯარო,
ჩვენი საქმენი ხდებიან ჩვენი უნარის მაღარო,
მიაყურადე ბეჯითად თუ არ გსურს მტერი ახარო,
ასე ამბობდნენ ბრძენკაცნი, ყველა, ვისაც სცნობს სამყარო:

ნუ მიეჩვევი წაგებას, შეურიგდები ავსაო,
დაწყებულს ბოლო უნახე, ნუ მიანებებ თავსაო,
იქნები ყოვლის დაძლევის მოწამე მუდამ ჟამსაო,
თუ არ იგუებ გაქცევას, მარცხს არ დაუდებ ზავსაო.

სულით დაბდური

თუკი არ იცი რაისთვისა ხარ
თუკი არ სთეს და იმკი დროზედა,
დაუღალავად თუ არ ვარჯიშობ,
ხორცის და სულის სამარჯვოზედა,

საწუთორს გაჰლევ ჩირგვში გართხმული,
არ გაირჯები ავთან ომზედა,
არ გაიწრთვნები, ძალას არ იხმევ
გასამარჯვებლად ერთის ორზედა,

დარჩები ვნებას დამონებული,
ქათმობას არჩევ უმფრო ქორზედა,
ვეღარ გაჰბედავ თავის უფლებას
უკუღმა შეგსვან თუნდა ჯორზედა.

შეგეშინდება შენი სისუსტის
ნების სიმცირის უფრო გონზედა,
თავი რომ კიტრად წარმოაჩინო
უტიფარობას გაჰფენ თოკზედა.

შემოგესევა ამპარტავნება,
ძალად მაღლობა ტოლს და სწორზედა,
ვერ დაიმკვიდრებ სულის სიმშვიდეს,
მუდამ ინაღვლებ მჯობნის მჯობნზედა.

ფიქრები შეგჭამს წუთის გალევის,
შავი სიკვდილის მოსვლის დროზედა,
ასე იქნება, სულით დაბდურო,
არ მოეგები თუკი გონზედა.

ვეცდები გავხდე კაცი საჩინო

ვეცდები გავხდე კაცი საჩინო,
შემოვიკრიბო ეგებ ძალები,
შთაბეჭდილება რომ მოვახდინო,
ფრანციცულ სიტყვებს მივეძალები.

მოვიკალათებ “მტკვრისა ნაპირას”,
სასმისს მოვირგებ მგოსნის ნაპირალს,
“კუპლეტებს” შევთხზავ მწირად ნაფიქრალს,
ბრიყვის სარჩოს და ბრძენის სატირალს.

ვიუკადრისებ სკამს განაპირას,
ვერას გავუგებ სარგო სატირას,
ქათამს ვუმღერებ როგორც დედოფალს,
ბატს განვადიდებ როგორც ადმირალს.

მაგრამ რა, იცი? გაგიკვირდება.
უმრავლესობას მოვეწონები,
უმრავლესობას აზრი არა აქვს.
და არც არაფერს წვდება გონებით.

უმარტივესი მართავს ფორმულა
“პუბლიკას”, როგორც ვირების თავლას,
ჯიუტად ითხოვს? ალბათ ეკუთვნის,
ჩამოეცალეთ, ნუ უშლით გავლას.

სამოცი ლექსი

სამოცი ლექსი მიძევს ქამრის ქვეშ,
სამოცი ლექსი გაფრენილ წამთა
ნაგროვებ ტკივილს და სიხარულს
უბერავს აფრას.

აფრას რომელიც ეურჩება
ქარტეხილს ღამის,
ალბათ გამიყვანს სამშვიდობოს,
თენდება ლამის.

ლამის გათეთრდეს შავი ღამის
მღვრიე ფერები, ცისკრის მიჯნაზე,
ბოლო ოცეულს, ან ბოლოს წინას,
ვუერთდები მე გარიჟრაჟზე.

მკვდარია თქვენი სწავლება

მთელი ცხოვრება ვიყავი
კეთილი საქმის მცველია,
არ გამიგდია ხელიდამ
სატევარა და ცელია.

ლაღობა ჩემდა არ ვიცი,
სხვისი სიკეთით ვლაღობდი,
მოხუცთან მოხუცი ვიყავ,
ბალღთან კიდენა ვბალღობდი.

არც ვისთვის წამირთმევნია,
არც ვისზედ თავს ვიმაღლებდი,
უკეთურს რჩევას ვაწევდი,
კეთილს ჯეროვნად ვაქებდი.

არ მიმაძღრია, არც ვნებას
ავდევნებივარ უგვანი,
ღვარძლითაც არ წამიბილწავს
სოფელი, არცა უბანი.

ასე გავლიე საწუთრო,
და როცა ღმერთთან წარვდგები,
რად მიქადით რომ მარადი
სავანის მიღმა დავდგები?

იმად რომ არ მიკმევია
თქვენი ტაძრისთვის საკმევი?
იმად რომ ჩემით ვზიდე და
არ გავხდი სხვისი სათრევი?

მკვდარია თქვენი სწავლება,
ფუჭად გენდობათ ერია,
დაკარგული გაქვთ სიტყვა და
არეული გაქვთ ფერია.

წავალ, გაგეცლებით

წავალ, გაგეცლებით, გულს მიწრეტს ყიყინი,
ვერ ვგუობ აშლილ ვნებებს, სულბრმათა ყიჟინის,
სიტყვასთან მარტოობა სიმშვიდეს მიყიდის,
იქ სადაც შემოქმედი უნაკვთოდ იღიმის.

ამ სოფლის სიიაფე მაღონებს ამაო,
ცა ფუჭად ჩამომძახის არ შეგძრას ამანო,
ვერ ვგუობ ძმათა შაირს, მტკნარსა და ცარიელს,
ვაგლახ, ვერ გაათეთრებს ყორნებს აბანო.

ის სახე… რომ არა მყოლოდა ქვეყნად,
იმ სახეს უეჭველად შევთხზავდი მე თვითონ,
მხოლოდ ის მევლინება მალამოს საფენად,
მხოლოდ ის არ მანებებს ცხოვრება მედიდოს.

ახლა

მთავარი რაც გაგვაჩნია სწორედ აქ არის, ახლა,
ნუ დასდევ ბედნიერებას ნურც გამოღმა, ნურც გაღმა,
ნუ დაგიჩრდილავს სინათლეს “რა ვიყავ?” ან “რა ვიქნები?”,
სიხარულს გული შეიგრძნობს და არა შენი ფიქრები.

ჩვენ არ გვაშინებს ეს წამი, წამი ყოველთვის ტკბილია,
სულს გვიღრღნის მხოლოდ “ვაითუ” – სულთამხუთავი ფიქრია.
მხოლოდ ფიქრია “ვიქნები”, მხოლოდ აზრია “ვიყავი”,
ყოფნა უკვდავი აქ არის, სრულად არაფრის მკითხავი.

არსება სიხარულია, მისი ყოველი მისხალი,
ნეტარი არის ეს წამი, თუ არ შებოჭავ სიმხდალით.
სიხარულია მიღება, სიხარულია გაცემა,
ნავარდი სიხარულია, ისევე როგორც დაცემა.

განა ვის უნდა გზა სწორი, თუ მოსახვევიც არ ხვდება,
ლელოს გატანა რად გიღირს თუ წინ არავინ დაგხვდება?
აქ არის, ახლა, ყოველი, რაც რამე ღირებულია,
ის რაც გაშინებს არ არის, მხოლოდ ფიქრების ბმულია.

არის ის რასაც შეიგრძნობ, არის ის რაიც ქმნილია,
სიკვდილი არასდროს “არის”, სიკვდილი მოლოდინია.
მოლოდინია ორობა, ეშმაკი მაგით ერთობა,
“ახლა” კი არის სიცოცხლე, უშიშო ღმერთთან ერთობა.