რაც კარგები ვართ

არ ვთესთ, არც ვიმკით, არც კალოს ვლეწავთ,
და აღარც ვჭედავთ ლითონს,
მხოლოდ ტაშსა და ფანდურს ვამრავლებთ,
და უხვად სიტყვას ლიტონს.

ჩვენი არ ვიცით, სხვისიც არ გვესმის,
წყევლაც ასეთი უნდა,
ავაგორეთ და გამოგვედევნა
ზვავივით ზიზღის გუნდა.

წინაპრებს ვეტრფით, არ კი რასა ვიქმნთ,
დავალთ გაქუცულ დავთრით,
მხოლოდ მშობელით რომ იამაყებს,
ისეთი შვილის რა ვთქვი.

ჯვრებით ვამაყობთ, წილხვედრს ვიჩემებთ,
კუდი ვუმიზნეთ ყავარს,
ზიზილ-პიპილოს ვეტანებით და
ვერა გავუგეთ მთავარს.

ღმერთი არ გვიყვარს, რომ გვყვარებოდა
არ გავლანძღავდით მოყვასს,
ჩვენი სიცუდის გასამართლებლად,
სხვისი სიცუდე მოგვყავს.

გვიყვარს ჯდომა და მოთქმა-გოდება:
“ნეტავ რადა ვართ ასე?
სხვისი, ვინმესი, ალბათ ბრალია,
იმ ჩვენი ცოდვის სავსეს.”

მზეჭაბუკს ველით, ქვეყნის ამაგად,
რომ მოგვევლინოს მხსნელი,
ვიჯდეთ მერე და სეირს ვუცქიროთ,
არ გავანძრიოთ ხელი.

ერთის ჯინაზე მეორეს ვუკმევთ,
უმალვე გავხდით მახინჯს,
ბელადი გვინდა, რომ არ ვხედავდეთ
არც მის შეცდომას, არც ხინჯს.

შემოვუსხდებით მერე კრუხივით,
მოგვათბობინებს ხელებს,
მოვიძულებთ და მტრებად შევრაცხავთ
“სხვისი” სიმართლის მცველებს.

ჟღალი იმედით გაბრწყინებისა,
წრეზე დავდივართ ასე,
დედა არა გვყავს, სამაგიეროდ,
სიამაყით ვართ სავსე.

განვაგრძობ მღერას

ვერ ვიტყვი ვერას? განვაგრძობ მღერას,
ჩემო ტოლ-სწორო მოგეფერებით,
კიდევ ვერა ვთქვი? კიდევ ვიმღერებ,
რომც გადახუნდენ ყველა ფერები.

ნუ გენატრებათ კარგი ცხოვრება,
კარგი ცხოვრება სწორედ ეს არის,
დაუღალავი შრომა და მღერა,
როცა მიზანი გათბობს მზესავით.

ის გიხაროდეს როცა გწყურია,
წყურვილი არის სწორედ სიცოცხლე,
გზა მანამ გართობს სანამ მიდიხარ,
და არა როცა მიხვალ, იცოდე.

ის ვერ გაგათბობს რომ გმსახურობენ,
მით ვერ დატკბები რაიც ბევრი გაქ,
მხოლოდ როდესაც ვინმეს მსახურებ
მაშინ გათბები გულის ფსკერიდან.

მადლობა თქვენდა, ვისაც გჭირდებით,
თქვენით თუ არის ეს გზა კეთილი,
თქვენ მაჯილდოვებთ თავდავიწყებით,
თქვენს მიცვლით წერტილს მრავალწერტილით…

ტურა-არწივისა

ერთ სოფელს, გველის ნაჯვარი, ვეშაპი შემოესია,
საძოვრებს დაეპატრონა, მყარად გაიდგა ფესვია,
ვაჟკაცნი ამოუწყვიტა, ვინც მიეკარა ახლოსა,
ხმლის ქნევას ვინღა დაეძებს, ვერვინ ლეწავდა კალოსა.

მოჰყვენ სიფლელნი თათბირსა, როგორ ვუშველოთ თავსაო,
ბაყბაყ დევს უხმეს ქომაგად, დაგაჯენთ სუფრის თავსაო.
დევმა სუფრა რომ იყნოსა მყისვე მოიკრბა მცველნია,
დევები, ჭინკა-ალქაჯნი, მშიერი ტურა-მგელია,

დასხდნენ ნადიმად დევები, დაინაწილეს სოფელი,
გველს დაუზავდნენ, შემუსრეს ყველა იმისი მგმობელი,
სრულად გამოხრეს სოფელში ოთხფეხი, შემდეგ ორფეხი,
კაცის ძვალს თითზედ იტეხდნენ, ტურებს უყრიდნენ მოტეხილს.

ცაზედ არწივი გამოკრთა, იყო თვის თავის ამარა,
საძოვრებს გადაუფრინა, ამაყად შეჰკრა კამარა,
არ შეეპუა გველეშაპს, არ გახდა გვარის მგმობელი,
დაჭრილი მოძმის საშველად ცისაც კი იყო მთმობელი.

წამოიშალენ ტურები, ატეხეს ყეფა-ღნავილი,
ვერ შეელიენ ნასუფრალს, აუტყდათ ენის ქავილი,
უყურე არწივს, მუდრეგსა როგორ იწონებს თავსაო,
დევების ნადიმს ჩაგვიშლის, მოასწავებდეს ავსაო,
ჩვენ ტკბილ ნასუფრალს დავკარგავთ, რაღას დავეძებთ სხვასაო,
არ დაგვიყრიან დევები არც ბარკალს, აღარც ფრთასაო.

ასეა ტურის ცხოვრება, და სხვების მისი გორიდან,
სუფრას თუ არ ეტანები მათ “იდიოტი” ჰგონიხარ.
გმირობა უცხო ხილია ტურა-მელა და მგელისთვის,
უმალვე მოგიძულებენ განსხვავებული ფერისთვის.
თვისი საზომით ზომავენ: გექნება ქვენა ზრახვები,
როგორთუ ქველი საქმისთვის, “უსაფრთხო წრიდან” გახვედი.

ტურას და არწივს, ორივეს, ერთი ყავს ქვეყნად გამჩენი,
ვინ რა ვიქნებით განგებამ უფლება მოგვცა არჩევნის.