ესენი რომ წავიდნენ, ვინ უნდა მოვიდეს?

“ესენი არ უქნია ღმერთს, მაგრამ ისინი არ უნდა დაბრუდნენ”, “ერთის დედაც და მეორესიც”, “ესენი რომ წავიდნენ, ვინ უნდა მოვიდეს?”… ჟღერადია არა? მემგონი ყველაზე ტრენდული ფრაზებია ამ ქალაქში, პოპულარული, კომფორტული, ერთგვარი “უსაფრთხო” პოზიცია. “ეეხ, არაფერი გვეშველება” გეტყვის ერთი, “აბა, აბა” დაგიდასტურებს მეორე და კმაყოფილი უიმედობით გავაგრძელებთ ყველანი ერთად წუმპეში ქექვას.
ჩემო სისხლმდუღარენო, რად ვერ გაიგეთ, ისინი დაბრუნდებიან, ესენი დარჩებიან, თუ სხვები მოვლენ, ეგ კი არ არის მთავარი, არამედ ის რომ აღარასოდეს მოგვევლინოს ამ ქვეყანაში რომელიმე ერთი ძალის ეგზომ დაუბალანსებელი ხელისუფლება. აი ეგ თქვენი, ერთის შეცდომაზე თვალების დახუჭვა მეორეს შიშით, თუ ჯიბრით, სწორედ ამ მახინჯი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია.
როდესაც 2012-ში ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა და ორპოლუსიანი პარლამენტი მივიღეთ, გულწრფელი იმედი მქონდა რომ, საბოლოო ჯამში, საქმე მაინც უკეთესობისკენ წავიდოდა, არა იმიტომ რომ ეს “ახლები” მომწონდნენ (ღმერთმა დამიფარა), არამედ იმიტომ რომ “ძველების” გაპარპაშების აღკვეთა მიმაჩნდა სწორად. მაგრამ, რაღათქმაუნდა, ჭეშმარიტ მამულიშვილურად, შემდეგ უკვე ახლებმა დაიწყეს ძველების სრული ჩეხვა-წმენდა და ხალხმაც, ასევე ღრმა პატრიოტული შეგნებით, ტაშით და ზარზეიმით აუბა ამას მხარი.
აღარ უნდა ისწავლოთ ჭკვა ხალხო? მუდამ ასეთ ქაქში გინდათ რომ ვისხდეთ?
ნუთუ არ არის დრო აღარ არსებობდეს ეს მონური მცნებები “დაბრუნდებიან”, “მოვლენ” ან “წავლენ” (იმთავითვე რომ ღაღადებენ ჩვენს უსუსურობას)? არ გინდათ რაიმე უფრო ჯანსაღი, მშვიდი და თამამი ვთქვათ? მაგალითად, “მიიღებენ ხმებს”, ან “დაკარგავენ ხმებს”.
“ქაჩალმა არ მოიფხანა, მოიფხანა და მოიგლიჯაო” ხომ ზუსტად ჩვენზეა ნათქვამი. დააკვირდით მთელი ამ ვაითავისუფლების წლების დინამიკას, განადიდე/ მიწასთან გაასწორე, გაახარე/ამოძირკვე (თან მთელი ნაშრომ ნაწვალებიც გადააყოლე). ასე სულ უკიდურესობიდან უკიდურესობაში როგორ უნდა ვეხეთქებოდეთ? ცოტა ზომიერება და შეზავება რომ ვისწავლოთ, არა?
განა ახალს რას ვიტყვი? “აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის აბსოლუტურად!”. დაანებეთ თავი მხოლოდ თეთრის და შავის ხედვას, ნუ გეშინიათ, ცოტა ფერებიც რომ გამოურიოთ თვალს არ მოგჭრით (აბა, არიქა, ცისარტყელის ქადაგება დამაბრალეთ ეხლა).
“არც ერთი მინდა და არც მეორე, ახალი უნდა მოვიდეს ვინმე”. და ის ახალი საიდან მოვა? ისევ ჩვენი მრავალ სარზე გადამხტარი წიაღიდან არ უნდა ამოვიდეს? თუ არ გაკრიჭეთ და გასხალით, მოუთოხნეთ და მოუბარეთ, ისიც ასევე არ გაჯაგნარდება? მარტო ახალახალი ნერგების დარგვა-ამოძირკვით გინდათ ააყვავოთ ბაღი?
ნებისმიერი, ძველი თუ ახალი, თქვენი რადიკალურობით აღზევებული ძალა ზუსტად იგივენაირად დამახინჯდება (ან თუ იმთავითვე მახინჯი იყო, არასდროს გალამაზდება) თუ გარშემო ყველა საპირწონეს შემოაცლით.
არცერთ, საქმისკენ მოწოდებულ, თავდაჯერებულ, პატიოსან პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში რომ არსებობს ძლიერი ოპოზიცია. ოპოზიციის, ალტერნატიული ძალის ისტერიული ფობია მხოლოდ შავბნელებს და ჩასვრილებს ახასიათებს, კერპების და შეუცვლელების მხოლოდ იდიოტებს სჯერათ და ცვლილებების კი მხოლოდ ლაჩრებს და სკამისკაცებს ეშინიათ. ამას წყალი არ გაუვა.
ჰოდა, მოდით რა, სადაც ასეთ ნიშნებს დაინახავთ, უბრალოდ მიატრიალეთ და ძააალიან შორს გაუშვით!
მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, მარტო პურის ჭამაც გავნებთ და მარტო ყველისაც, ერთად უფრო იოლი მოსანელებელია ერთიცა და მეორეც, თან გემოსაც ჩაატანთ. პროპორციები და დანარჩენი ინგრედიენტები კი უკვე თქვენთვის მომინდია, მაგრამ ყურადღებით ვიყოთ, ემანდ მხოლოდ მძღნერის ჭამაზე არ გადაგვიყვანონ ყველანი ერთად.

კაცთმოძულე ღვთისმოყვარენო

ყველანი, ვინც ამ სივრცეში ზიზღს, გინებას და ღვარძლს თესავთ, ყველანი უკლებლივ, ხართ თანაშემოქმედნი იმ უბედურების, რაც 20 ივნისს დატრიალდა და მთელი იმ უბედურებების კასკადის, რაც უკვე ათწლეულებია ამ ქვეყანაში გრძელდება. ზოგნი უგნურებით აკეთებთ ამას, ზოგნი კი ანგარებით. განსაკუთრებით მათ ეხება ვინც ან ამ ხელისუფლების ნასუფრალით იკვებებით, ანდა ამ, ან წინა ხელისუფლების ნასუფრალთან არ მიგიშვეს (მიუხედეავ დიდი მცდელობისა) და ამით ხართ განაწყენებულნი.
ასე იქნება სანამ არ მოიშლით ადამიანების ნაცებად და ქოცებად, ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფას, სანამ არ მოიშლით სიბრაზით გონებაგადაკეტილ, ერთპულუსიან აზროვნებას, სანამ არ გააცნობიერებთ რომ ვერ გექნებათ ღირსება თუ ზოგადად, ადამიანის ღირსებას არ სცემთ პატივს.
ყველაფერი კი საძრიკვლიდან იწყება, ძირითადი ღირებეულებებიდან, იმ ქვაკუთხედიდან, რომელზეც თქვენი პიროვნება უნდა ააშენოთ. რა არის თქვენი ქვაკუთხედი?
“სხვის” სიავეს ასე იოლად როგორ აღიარებთ თუ ამ სიავეს საკუთარსავე თავში არ ხედავთ. “სხვის” ძალადობას როგორ გმობთ როცა, თავადვე ასეთი აღვირახსნილი გინებით იკლებთ ერთმანეთს. დაგავიწყდათ ერთი თიხიდან რომ ხართ გამოძერწილნი?
მაშ რა არის თქვენი ქვაკუთხედი? “ქრისტიანობა”? “ქართველობა”? “ღირსება”?
საღმრთო დროშებს აფრიალებთ, ღვთის სიყვარულს იჩემებთ. იცით კი რომ ღმერთის სიყვარული ადამიანის სიყვარულით იწყება. სად წავიდა ის მთავარი, მაკურნებელი სავარჯიშო “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, სად მიაკარგეთ “გიყვარდეს მტერი შენი”?
იესოს მაცოცხლებელი სწავლება თქვენ ისევ უბადრუკ, წარმართულ საკურთხევლად აქციეთ. ჯვარცმის სიმბლო თქვენთვის, ჩვეულებრივი (სრულიად იდენტური), წარმათული კერპია. კერპი, რომელიც მოგიწოდებს, “მიერთგულე, მეთაყვანე, ხარკი შემომწირე და ამის სანაცვლოდ, მე შენ გიმფარველებ, “სხვისგან” გამოგარჩევ, მათ დავსჯი და შენ კი გახეირებ. ნეტარ იქნები, ცხონდები, არა იმიტომ, რომ შენივე მეცადინეობით, საკუთარ სულს შიშისა და სიავისგან გაანთვისუფლებ, არამედ იმიტომ რომ ჩემი მაგიური ქოლგის ქვეშ მოგაქცევ.”
ჰოდა თქვენც, ამ იოლი “მფარველობის” მოსაპოვებლად, ყალბნეტარება მოფენილი სახეებით უჩოქებთ მამაოებს, მერე ამით “პრივილეგირებულნი” გარეთ გამოდიხართ და ამპარტავნული უპირატესობის შეგრძნებით განიკითხავთ “ცოდვილებს”.
“გიყვარდეს მოყვასი”, “ნუ განიკითხავ” არის ყველაზე მთავარი საკურნებელი რაც იესომ მადლის მისაღებად და ნეტარების მოსაპოვებლად დაგიტოვათ. თქვენ კი მადლის მიღება, ზეთის ცხება, კედლების მორწყვა და საზიარებელი ღვინის წრუპვა გგონიათ. იმიტომ რომ მავანმა “შუამავალმა” მხოლოდ ეგ გასწავლათ, თქვენ კი თავიც კი არ შეიწუხეთ რომ საწყისისკინ გაგეხედათ.
ღირსება, რომელიც ასე ხშირად გაკერიათ პირზე, ერთია ყველასთვის, და ეს ღირსება სხვა არაფერია თუ არა ადამიანის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი მყარი ქვაკუთხედი და მხოლოდ ამ საძირკველზე შეიძლება აღმოცენდეს ჯერ თავისუფალი მოქალაქე და შემდეგ მყარი სახელმწიფო.