ბრჭყვიალა ნაყარნუყარი

ზოგს ლექსი მხოლოდ წუწუნი და მოთქმა ჰქონია,
სურეალურით შეინიღბავს ფუტურო სათქმელს,
განსხვავებულის თქმისთვის, ლანგრით ნეხვსაც მოიტანს,
ყურით მოთრეულ იდუმალით რთავს ტყვიის აფრებს.

ბელეტრისტიკა ფერუმარილს ჰგავს, უგემოვნოს,
ბიჟუტერიას, შაქარღვინოს, ბრიყვის სატყუარს,
პრანჭია მსმენელს ყალბ საქონელს ძვირად მიჰყიდის,
მხოლოდ აბრუებს, არ უტოვებს აზრის საფუარს.

მომრავლებულა სიბნელეში ნაყარნუყარი,
ყალბი სიმღერა, ყალბი ლექსი, ყალბი ნახატი,
არანამდვილი, არაწრფელი, ტუჩდაბერილი,
შექმნილი მხოლოდ საკეკლუცოდ, ბოდვა ამათი.