ამღვრეულებს

“სამშობლო მიყვარს”, გულში მჯიღს იცემ,
ფარას მიჰყვები მდარე დინებით,
და განსჯი თანამემამულეებს
პირდუჟიანი ლანძღვაგინებით.

ცილისწამებას არაფრად აგდებ,
ოღონდაც ავი გული დაგფხანოს,
თუ შენ არ გარგეს, ანგელოზებსაც
გაახეხინებ ვირის აბანოს.

ის, რაც შენ გიღირს, უფასურია,
შენი ნიღაბი უსახურია,
ამღვრეული ხარ, სიტყვით, ფიქრებით,
ალბათ როდესმე დაიწმინდები,

მაგრამ მანამდე, ვერ გიკმევ საკმევს,
შენი ეზოსკენ შევქოლავ სარკმელს,
ცრუ ვალად კოჭებს არ გაგიგორებ,
ვინც მოყვარეა იმას ვიმოყვრებ.

ბრიყვი და შემოქმედი

ბრიყვი უარყოფს შემოქმედს, ვერ დავუნახე სახეო,
მისი მე ნამოქმედარი ვერასად დავინახეო.
კაცმა ბევრი რამ შეიქმნა, იქავე დასძენს მღიმარი,
კაცობრიობამ დასტოვა შემოქმედება მდიდარი.
– კაცი რამ შექმნა? ვკითხავდი გულით უბრყვილოს სიცილით,
მერე თუთუნსაც შევუნთე, მღრჩოლავი ჩალის ფითილით.
– ბუნებამ შექმნა კაცი და მას მიანიჭა სახეო,
არ კი ეცადო დამიგო ე მაგ შეკითხვით მახეო…
– განა ბუნება რამ შექმნა, ყველა ის რაიც მყარია,
ეს კითხვა მუდამ მაწუხებს, ვერა კი გამიხარია.
– სამყარომ შეიმოქმედა სიცოცხლე, მთა და ბარია,
აბა შეჰხედე ამ ქვასა, მყარია, განა ქარია.
– მაშ შენ ჰფიქრობ რომ სამყარომ თვით თავი შეიმოქმედა,
მერმე შენ შეგქმნა ზღაპრული შემოქმედების მოწმედა.
ლექსიც მან დაგაწერინა, გაშენებინა ქალაქი,
წვერიც გაგპარსა, გაგხადა პოეტი, ხურო, დალაქი.
– მოიცა, ეს იმას ნიშნავს . . . სამყარო შემოქმედია?
თუ მან მომმადლა სახე და მან დამიწესა ბედია?
– სამყარო მხოლოდ ისაა, რასაც შენ ხედავ თვალითა,
ხოლო არსება, აზრივით, არამყარია ტანითა.
და თუ აზრის ტანს ვერ ხედავ, განა იგი არ არსებობს?
სიტყვა არ სიყტვობს? ნება კი, განა ნამდვილად არ ნებობს?
ეს სიტყვა და ეს აზრები ჰგონებ მხოლოდ შენ გეკუთვნის?
არსად არ აირეკლება, და სულ არაფერს ეყუდვნის?
რაიც აზროვნებს, შეიქმნის, იგივე შემოქმედია,
ის შენში არის, შენ მასში, თან ბევრია, თან ერთია.

ონავრულ, ღიმილ-ეჭვებში ბრიყვი მზერაში გაორდა,
მისი ფიქრები სადღაც შორს, აზრუწვდენელში გარბოდა.

ეს საუბარი მე როგორც ცხადი სიზმარი ვიხილე,
ფერად კოცონთნ ვიჯექი, პურიც ვჭამე და ვილხინე.
ბრიყვის ყბედობა მართობდა, ალ-ნაპერწკალი მათბობდა,
ცეცხლსაც უბეში ჩამწვდომი ტკაცი და ტკუცი გაჰქონდა…
მერე ქარბუქი აგორდა, ახლო რაც იყო გაშორდა,
ბურანში ხმა ჩაიკარგა, ეს მე იმ მესთან გაორდა.

ვიჯექ მოვერცხლილ რიყეზე, შუქჩრდილს კამკამა ცა ბადდა,
მკვეთრი ლურჯთეთრი სურათი ჯადოსნურ ღამეს მაქადდა,
იდუმალების ჩურჩული ტყიდან საზღაპრეს მატანდა,
სუნთქვა, მთიდან მონაბერი, ხორციდან სულში ატანდა.

ავი სა(რ)კაზმი

ვერ ვიტან სარკაზმს, ბოღმით ქილიკი
ენამოსწრების უშნო გერია,
თუმცა შაყირი დროდადრო გვარგებს,
თუ მასში გესლი არ გაერია.

კაცის დაცინვა უმალვე გამხელს:
ამპარტავნება შემოგერია!
კარგი ხარ, როცა სხვებს ხედავ კარგებს,
სხვისი ზიზღი კი შენი მტერია.

ნუ მომიყვები უფალს რა ჰნებავს,
ნუ მიმეორებ სად რა სწერია,
თუ ადამიანს არაფრად აგდებ,
მაშინ შენშიაც არაფერია.