ფარშევანგი

თუკი ჰანგების არარა გესმის
და ლამაზს მხოლოდ ბუმბულით იცნობ,
თუ უვიცობა სულ არ გამორცხვებს,
ყეყეჩ ფარშევანგს ბულბულად იცნობ.
გვარიშვილობას ნიჭად ჩაუთვლი,
ყელმოღერებაც შეუქო ვინძლო,
კუდაპრეხილი ისე მოგხიბლავს,
რომ შეიძლება პატარძლად ირძლო.

სახლი ვაშენე ღრუბლებზედ

სახლი ვაშენე ღრუბლებზედ, იმად ვიყავი ამაყი,
არ მიხმარია ქვითკირი, არც ხე, არც რკინის სამაგრი,
საძირკვლად გამოვიყენე მოყვასნი, მათზე ამაგი,
ასე ვაგებდი, სიმყარით რომ ყოფილიყო ათმაგი.

საყრდენი მრავლად გამოჩნდა, ზრუნვით ნარჩევი სამტკიცი,
სახლს დედაბოძად ვაყუდვნე ძმაი, ერთგულად ნაფიცი.
არ მაშინებდა ამ სახლში არც წვიმა, არც ქარიშხალი,
ბზარი არ ჰქონდა სიყალბის იმას არცერთი მისხალი.

მას მერე წყალმა იარა, და ხანიც უხვად გამოხდა,
გარშემო ბევრი აშენდა, ბევრიც უკვალოდ აოხრდა,
სახლი კი ჯერაც მყარია, თუმცა საწყენი რამ მოხდა,
ის ბოძი, კლდე რომ მეგონა, უბრალო ჭიამ გამოხრა.

ჯერაც სახლში დგას, თუმცა კი ფუტუროდ, მერე რა მოხდა,
მას სახლი აღარ ეყრდნობა, მისი საყრდენი გაოთხდა,
ძველ დროს ხომ მაინც მაგონებს, რაა რომ ჟამი გამოხდა,
ლამაზი იყო, რაც იყო, ბევრი ზღპრული რამ მოხდა.

რადა ვწერ

ხან დარდი მწვავდა დამდაგი,
ხან სიყვარული მათრობდა,
იმათი ეშხით დავიწყე
ქართული სიტყვით გართობა.

ძირუწვდენელი საუნჯის
განძი იმფერად მათოვდა,
თვალმარგალიტის მოჭედვა
დიდ გარჯა-დროსაც არ მთხოვდა.

მე ამ საუნჯით ვერ ვძღები,
როგორც ფუტკარი ბადაგით,
ყოველი სიტყვა ხმალია
ნაწრთობი დიდის ამაგით.

თავის|უფალი სა|მყარო
მით მოვუ|ლოცეთ ერთმან|ერთს,
ცხოველი ორთა|ერთობა
გამოვუ|ცხადეთ ჩუენ ღრმა|ერთს…

დარდს გადავიყრი შხამიანს,
თავს სიყვარულით გავართობ,
ცხოვრების ეშხით ატანილს,
ქართული სიტყვით დავათრობ.