არჩევანი

ხანდახან მაინც შემიტევს ზიზღი,
უგუნურობის შემახედვარეს,
ძნელად ვიგუებ ადამის შვილში
ნებით სიბრიყვეს, ძალით სილაღეს.

დამეძარღვება კისრის კუნთები,
ეშმაკს ვახსენებ, შევიკურთხები,
მერე კი სიბრძნე გამახსენდება,
სიმწრით ნაზოგი, მცირე ხურდებით:

ზიზღს თუ დაუთმე შენი არსება,
ბოღმა გახდება შენი მეგზური,
ბრაზი დაგახრჩობს, გაგამარტოვებს,
შიში დაგრჩება მხოლოდ ერთგული.

სხვის სიძულვილში იძულებ თავსაც,
საკვები უნდა კარგსაც და ავსაც,
თუ ვახშმად გიდგას ღვარძლის წვნიანი,
იმითვე გაჟღენთ საკუთარ კანსაც.

ჰოდა, გადავღვრი ბინძურ შეჭამანდს,
ლარნაკს ავავსებ ხილით ჯანსაღით,
მოღუშულ კედლებს გამოვახედებ
მზით გაჯერებულ ფერის ფარდაგით.

სამყარო ზუსტად იმავ ფერია,
რა ფერებითაც შენ მას დაართავ,
ბინძურს იწამებ? ეშმაკი მეფობს,
სპეტაკს იწამებ? უფალი მართავს.

ნუ ირწმუნებ დამარცხებას

იყო წუთი “მარცხიანი”,
და სირცხვილით თავი ივნე,
იფიქრე, უსარგებლო ვარ,
უნაყოფო, ბერწი ვინმე.
მოსთქვამ, მიწას დამანარცხეს,
დარდობ, მტერი გავაცინე,
ნანობ, ყველა, აქამომდის,
წელი უქმად გავაცდინე…

და მოცარული ცხოვრების
თარსად ბრუნავს სამორინე…

ნუ ირწმუნებ დამარცხებას,
და რომ მიზანს “ააცილე”,
კვლავაც მოზიდე ისარი,
ბასრი მზერით გააცილე,
შნო და ლაზათი ამრავლე,
ქვებსაც წვენი გაადინე,
ყმაწვილივით იყავ ლაღი,
შთაგონებით მეცადინე.
თვით მცდელობაც გიხაროდეს,
რაწამს გეზი დაადგინე,
მოგებას ან დამარცხებას,
შეგიფასებს ძნელად ვინმე…
შენ უკვე მოგებული ხარ,
თუ ხარ წრფელად მოწადინე.

ნეტარ არიან დევნილნი

ამბობდა სულის ოსტატი,
ნეტარ არიან დევნილნი,
სწორია ესე სწავლება,
გზაა მრავალგზის ტკეპნილი.

მდევნელს არა აქვს სიმართლე,
თუა ავგული მსაჯული,
არც მართლის ძებნა ამართლებს,
არც თვისტომობა, არც რჯული.

ჰოდა, იფხიზლოს მავანმა,
ღმრთისგან იქნება ძებნილი,
თუკი იმავე მდევნელად
გადაიქცევა დევნილი.

მთვლემარე ნისლში

დადგა ღამე და მთვლემარე ნისლში,
აღარ მგონია თუ რამე ვიცი.
მთვარით დაფერილ ფარდის ნაქარგზე,
ქვეცნობიერი ნახატებს მიშლის.
რა მშვიდია და რა უცოდველი ყოფა ასეთი,
არას მოველი,
არც ვეჭიდები რაიმეს ფიქრში,
მთვარის ნაქარგებს ვუცქერი ნისლში.

ცრურწმენა

იცი რა არის ცრურწმენა?
გაგაბრუებს გამალებით…

შეგთავაზებს ღმერთთან შეყრას
შამანური მანქანებით,
მაგიური რიტუალით,
კვამლითა და დაფდაფებით.

გადარჩენას დაგპირდება,
მის კალთის ქვეშ გარინდებით,
ჯადოსნური სასმელებით,
ზეთებით და მარილებით.

მოგიწონებს კერპზე კოცნას,
უპირობო თაყვანებას,
დაგარწმუნებს, რომ ქურუმი
გამოხატავს ღმერთის ნებას.

მოგიწოდებს, ნუ ეცდები
იპოვო თავის უფლება,
მხოლოდ ჩემი ჩრდილი მოგცემს
მარად ცხოვრების უფლებას.

მონუსხულს და შეშინებულს,
დაგიწესებს ხარკგადახდას,
ბოროტად გამოგაცხადებს,
თუ ეცდები ფარდის ახდას.

დაიმკვიდრებს მყარ ტახტრევანს,
პატივს და ძალაუფლებას,
ოქრომკერდით მოიქარგავს
ღმერთის მსახურის უფლებას.

ასეთია ყალბი რწმენა,
მოგაგონა ალბათ რამე,
იესოსგან განირჩევა
იგი როგორც დღე და ღამე.

ორი ერთში

თვალთუხილავი ძაფით შეკრული,
სამყაროს ყველა კუნჭულ-ნამცეცი,
ერთად ჩაბმული ზღაპრულ ფერხულში,
ჩვენ, ყველანი, ვართ ღმერთის საცეცი.

ჩვენი თამაშით იგი ერთობა,
ჩვენში იღწვის და ჩვენსას განიცდის,
ის თავად არის ჩვენი ერთობა,
მუდამ იზრდება, ერთ წამს არ იცდის.

და, თუ გინდა, რომ იყო ნეტარი,
გაითავისო მისი არსება,
თანაშეგრძნების შესვი ნექტარი,
მიხვდი რომ ორი ერთში თავსდება.

სოროში

ვერდროს ბედავდი უცნობი
ოთახის კარის შეღებას,
გიტაცებს ავტორიტეტთა
შენ ციტატების ხსენება.

ბრძნულად გიჭირავს სასმისი,
ქრისტიანობით ამაყი,
თუმცა კი სახარება გაქვს
მხოლოდ შორიდან ნანახი.

მიღებულ-ნაღიარების
ზედაპირს ქექავ ლუპითა,
სულის სიღრმეში ჩახედვა
ვერ გაიძულე ჩხუბითა.

თავს არ შეაკლავ პრინციპებს,
უსაფრთხო გიყვარს თამაში,
უმრავლესობის მომხრე ხარ,
ვინ გაგამტყუნებს ამაში?

ასე მიჰყვები ცხოვრებას,
შემოფარგლული სოროთი,
ფრთხილად იყავი, ანაზდად,
არ დაგეუფლოს ბოროტი.

ნახვამდის

გავთითოკაცდით, გავშტერდით,
მეტი ამაზე რა მეთქმის,
კაცი რომ ლიფტში შემოვა
და გამარჯობას არ გეტყვის.

ნეტავ რითა ხარ გართული,
ასე რითა ხარ ამაყი,
რომ, ცხვირწინ, ადამიანის
ძაღლადაც არ ხარ დამნახი?

ბინებს მოვიწყობთ მდიდრულად,
კორპუსს დავტოვებთ მიჯმულად,
მხოლოდ საჩვენოდ მოვნიშნავთ
მანქანის სადგომს, დიდგულად.

და მერე ვიუკადრისებთ,
რამ მიგვიყვანა აქამდის?
კაცი რომ ლიფტიდან გავა
და არ გისურვებს ნახვამდის.

ბაყო ჭაობელი

შენ არ გიყვარს სუფთა წყალი,
გამჭვირვალე ნაკადული,
უგვანობას ვერსად მალავ,
მკერდი არ გაქვს დაქარგული,

ისევ ჭაობს მიენდობი,
წურბელებში გაფანჩული,
კოღო-ჭიას არ მოგაკლებს
გაზაფხული და ზაფხული,

ზამთარში კი გაერთხმები
სადმე ფსკერზე, განაბული,
გაატარებ ქარიშხალებს,
ყველაფრისგან დამალული.

მსუყე დროს დაელოდები,
მდარე დინებას და ამინდს,
ჭაობის აფუხფუხებას
განადიდებ დითირამბით,

თავმომწონედ იყიყინებ,
ძრომას მოიმარჯვებ მარდად,
სიმყრალე არ შეგაწუხებს,
იგი კვებავს სწორედ მაძღრად…

შენ ვერასდროს ვერ გაუგებ,
წინწკლებიან, ცოცხალ კალმახს,
რადგან, არასდროს აჰყვები
თავბრუსდამხვევ ჩანჩქერ-აღმართს.

სისუსტის წამი

ყველას გვაქვს წამი, ჩუმი და შავი,
შეუწყალებლად ნაზავი შხამით,
როცა შიგნიდან რაღაც გაგვბზარავს,
როცა წყეული შიში დაგვძმარავს,
ამ დროს არსების წინაშე ვდგავართ,
დატუქსულ ბავშვებს ჩვენ ამ დროს ვგავართ,
ავაპყრობთ თვალებს სულმიბარებით,
დაშვებული გვაქვს აბჯარ-ფარები,
სისუსტეს ჩემსას ნუ მოიკითხავ,
ღმერთს ჩავჩურჩულებთ, ნუ განმიკითხავ.
აი, ასეთ დროს, გაგვახსენდება,
სადაც ინგრევა, იქავ შენდება,
სადაც შენდება, ინგრევა იქაც,
სადაც ღამეა, იქაა დილაც…
აღარ ვკითხულობთ სხვის ცოდვებს ხშირად,
წამი ასეთი კარგია იმად.