მაგია შიშის ამხანაგია

სადაც ცოცხალი სიტყვის “საცავი”,
კვლავ წარმართული სარკოფაგია,
სინათლის სხივი სადაც დაგმანეს,
უწინდებურად მძლავრობს მაგია.

არვინ დაგიდევს სულის სიღრმეში
რა გიძევს ცუდი, და რა კარგია,
გიქადაგებენ, შვებას თუ ეძებ,
შენი მხსნელია მხოლოდ მაგია.

სადაც სიწმინდის აღებ-მიცემის
ფეხქვეშ უგნური შიში აგია,
მაგიას ფართო კარი გაუღეს,
მაგია შიშის ამხანაგია.

დაკარგული მცნება

უთუოდ დაკარგულია,
ნაკვეთი კლდისა ფილაზე,
მეათერთმეტე წარწერა,
შემორჩენილი სინაზე:
“მოწყვლად იქნები ფიფქივით,
მსხვრევადი ვიდრე მინაზე,
თუ ჯიბრით ისაზრდოებ და
იცხოვრებ ვინმეს ჯინაზე”.

რა არს ქათმობა

არწივმა ქათმის ნაშიერს უპატრონა და გაზარდა,
ქორფა ნადავლი უზიდა, ფრთის ქნევაც მარჯვედ ასწავლა,
გზა გაუკვალა, გაუძღვა, ცის კაბადონზედ გაჰლალა,
ეზო-შეღობილს არიდა, ქედებ-ჭიუხებს ადარა.

მერე კი დაშვრა არწივი, გარჯა-ჯაფამა დაჰღალა,
ბუდეს ჩამოჯდა სნეული, ტკივილიც ვეღარ დამალა,
“მართვესა”, დაშეგირდებულს, გული გაუნდო წამალად,
ნაფერებ-ნაგოგმანები, იგულა თავის ამალად.

ვაგლახ, რომ მართვედ აღზრდილი, აუკრიახდა ქათმურად,
ჯიქურ მიუხდა, ჩაჰკორტნა, გავეშებულად, ავგულად:
“განა უფლება ვინ მოგცა, რომ ტახტზედ ლაღად დასჯდეო,
უნდა მეფერო, მიკმიო, მომემსახურო მარჯვედო,
მე ეხლა მაღლად დავფრინავ, მაღალს ვარსკლავებს დავსდევო,
ფუჭად გგონია რომ პატივს წინანდებურად დაგსდებო.”

წარბი შეიკრა არწივმა, შეგირდს გაჰხედა საცდურად,
მიჰხვდა, ქათმები ჰმართავდენ, სულ-გულს უმღვრევდნენ მაცდურად,
ფრთა ფრთას შემოჰკრა, გასცილდა, მოუბართ მუხანათურად
და ქათმის ნაშიერებმა გზა გააგრძელეს ქათმურად.

უკუღმად არ წაიკითხო ეს მინიშნება ჩემია,
არც ჯიშით მოგვდგამს ქათმობა, არც ჯილაგისგან გვრჩენია,
ჩამომავლობა არ არის, ქათმობა საქციელია.

ვიქნები არაპოპულარული

ენამზეობა ფასობს ამ სოფლად,
სადღეგრძელონი ნაპირფერები,
შაირს საფიქრალს, საფხანი სჯაბნის
სიტყვები, ფარჩის, ნაირფერები,

მე კი ჯვალოზედ სტიხონს დავქარგავ,
ნელად შევკმაზავ ამბით ფარულით,
არ დავარიგებ საკენკს ბრჭყვიალას,
თვალს არ მივიპყრობ ფუჭი ჟღარუნით…

არ გავერთობი ცხვრების მარულით!
ვიქნები არაპოპულარული.

მშობელთან შუამავალი

მშობელს უჩემოდ ვერ ნახავ, ამას გიქადის მავანი
“ექსკლუზიური უფლებით, მშობელთან შუამავალი”.
რაოდენ არ უნდა დაშვრე დებსა და ძმებზე ზრუნვითა,
რაგინდ არ უნდა უზიდო საქმენი ქველნი ურმითა,
თუკი ჩემთან არ შეჰკარი ხელშეკრულება პირადი,
ჩემი ბეჭდით არ გაჰფანტე შენი კედლების წყვდიადი,
არ გაგიკარებს მშობელი, ობლად მიგაგდებს ჭირშია,
ალაყაფის კარს ჩარაზავს, ჩალას გაგავლებს პირშია…

ნუთუ გჯერა რომ მშობელმა მეურვეს გადაგაბარა,
გულცივად გაგანაპირა, გზას შინისაკენ გაგყარა?
იქნებ მეურვე ყალბია? გზამცდარი ან თვითმარქვია?
თავად განსაჯე, თამამად, ასეთ მოამბეს რა ჰქვია.

ამაოების მდელოზე

ამაოების მდელოზე, ამა მიწისა, არ ცისა,
ვერ გაიხარა თავთავმა, ამოიყარა ნარცისმა.
უდღეურია საბრალო, როგორც ნახატი ცარცისა,
ისე გაჰრეცხავს დროება, კვალსაც გადაშლის მარცხისა,
არ დაუდგება ქომაგად არვინ, მიწისა, არც ცისა,
კიდემც ყოლიყო ქომაგი, არ უშველიდა არც ისა…

…იქავ ფუტკარი დაჰფრინავს, სადაც ნექტარი აცხისა,
დაუღალავად ირჯება, დააგემოვნებს ცვარს ცისა…