ქეციანი სული

ისევ ღამე დგება, დღეა გარდასული,
უსაქმურობისგან მექავება სული…
ფუჭად მიდის წამი, უქმად გაფანტული,
უსათქმელობისგან მექავება სული…
ზედმეტ ტვირთად მაწევს ცხოვრება სასრული,
არს გამოფიტული, მექავება სული…

თუ ვერაფრით გავართე სული უქმად მდუმარი,
ისევ უმისამართოდ ვისეირნებ ბულვარში.
ვიკეკლუცებ, გავჭორავ, ვერაგად მოხუმარი,
თვალებს ხარბად მომაპყრობს ჭორმშიერი ბულვარი.

ჭრელად მოვიკაზმები, მოსაწონად ბულვარის,
ბულვარს დავეწაფები, ვისაზრდოებ ბულვარით.
უხვად დამაჯილდოვებს მოწონებით მხურვალით,
პატივმოყვარეობას დამფხანს ჩემი ბულვარი.

გულმჯიღას სკოლა

სოფელ გულმჯიღაში, სკოლის მოწაფეები, ერთი ორის გარდა, თლა ოროსნები იყვნენ, სკოლის საგნები კი არა, ანბანიც კი არ იცოდნენ, მაგრამ სკოლა რომ ქონდათ ეგ კი უხაროდათ სოფელში ძალიან. სკოლის დირექტორის სადღეგრძელოს სულ ფეხზე დგომითა სვამდნენ, შეხე, რამხელა სკოლა ააშენაო, მოწაფეები ამრავლაო. თან მოწაფეებს აფრთხილებდნენ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, სხვა სკოლაში არ წახვიდეთ, ან კლასგარეშე არ გაბედოთ წიგნის კითხვა, თორემ გზას ასცდებითაო.

სკოლის დირექტორი ამაზე ამბობდა, მერე რა რომ ანბანი არ იციან, ანბანი განა ვის რაში სჭირდება, ჩვენს სკოლა ერთადერთია, რომელსაც განსაკუთრებული გარიგება აქვს უმაღლეს სასწავლებელთან და იქ მოხვედრა, ჩვენი სკოლის დიპლომით, გარანტირებულიაო. სხვებს იქ აბა ვინ მიასუნინებსო. თვით განათლების მინისტრი, პირადად იყო ჩამოსული სკოლის გახსნაზე, თვით პრემიერმინისტრის დავალებით, ი ახალი სახელმძღვანელო კი ჩამოგვიტანა, მაგრამ ასე გვითხრა, თუ წაიკითხავენ და გაერთობიან, ხომ კარგი, თუ არა და, მთავარია სკოლაში იარონ და მერე ჩემი სახელი ახსენონ, დანარჩენი კი მე ვიციო. ასე თქვაო კაცო მაშ, თქვენ არხეინად იყავით, ცოდნა სულ ყურებიდან რომ გოდმოსდიოდეს, ჩემი ხსენების გარეშე, იქ სხვა მაინც ვარავინ მოხვდებაო.

კი მაგრამ, იქნობამდე ვერც ლექსებსა ვკითხულობთ, ვერც იგავებს და ვერც გაზეთსაო კაცო, ქვეყნიერებაზე რა ხდება ვერ გაგვიგია, ერთმანეთისა არ გვესმის, დაბნეული და შეშინებული დავეხეტებით, ვერ გაგვიხარიაო.
ეეე, აბა გაზეთების კითხვა რას გარგებთო, იქ საინტერესო განა რა წერიაო, პასუხობდა დირექტორი, ჩვენზე უკეთ განა ვინ რას გეტყვითო.
მა სახელმძღვანელო როგორღა წავიკითხოთო კაცო.
თუ რამის წაკითხვა მოგინდებათ, აგერ არა ვარ? მე მომიტანეთ და იმას ამოგიკითხავთ, რაც საჭიროაო.

ჰოდა დადიოდნენ ასე თავჩაქინდრულები სოფლის სკოლაში მოწაფეები, არც ავანი იცოდნენ და არც ჩავანი, სიბნელისაც ეშინოდათ და სინათლისაც, ქარი რომ დაუბერავდა იმისაც კი ეშინოდათ. მერე, ამ შიშით დაფეთებულნი, დაერეოდნენ ერთმანეთსა და იყო ერთი ვაი უშველებელი. ბოლოს კი მიდიოდნენ ქალაქსა, აი, გაღმა რომ ქალაქია იქა, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. ვინ აბარებდა და ვინ არა, აბა ვინ იცის, უკან აღარავინ დაბრუნებულა, მაგრამ ალბათ აბარებდნენ კაცო, მაშ როგორ იქნებოდა, გულმჯიღას სკოლას აკი ექსკლუზიური კანტრაქტი ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელთან.

განათლების მინისტრიო კაცოო… პირადათაო… ეგეთი სკოლა ხო მაინც ყველასა სჯობია.

წუთისოფელი

ყოველი წამი არის ცოცხალი,
მცირე წერტილი დიდი ტილოსი,
ჭირი და ლხინი, აღმართ-დაღმართი,
ჩვილის ხმა, ლოდი მარმარილოსი.
ეშხი იმას აქვს, რომ ამ ცხოვრების
თითო წამია გამოსაცდელი,
გინდა ისეთი, როგორიც არის,
და არ არსებობს აქ განსაცდელი.

გაცრეცილი მეგობარი

თუკი სადმე, “მოსახვევში”, მეგობარი “გაგეპარა”,
ნუ იფიქრებ, რად მემდურის? რა ეწყინა? რა დამალა?
ნუ დაუთვლი, სად და როდის “შეეშალა საქციელი”,
თუკი გიყვარს, დაუთვლელად უნდა იყო მადლიერი.
მადლერი, რომ დაათბო გული შენი ცარიელი,
რომ გასწავლა როგორ გასცე, რომ გაგხადა ხვავრიელი…
გაიხსენე, რით შეავსეთ ერთმან ერთის სარბიელი,
მიეცი და ნუ მოითხოვ, ნუ იქნები კადნიერი.

რწმენაში დაკარგულებს

ასე ამბობდა სულის ოსტატი,
ყოველი წამით უნდა იხარო,
არ აწრიალდე, შიშს არ ემონო,
ეშმას წინ ქედი არ მოიხარო.
თქვენ კი დაანთეთ ჭიაკოკონა
შიშის, განკითხვის, უნდობელობის,
ეშმაკს აუგეთ ფართო კვარხცლბეკი,
უგნურ შიშს სთესავთ უცოდნელობით.