ღირსება

არსებობს მხოლოდ ერთი ღირსება,
ერთია იგი ჩემთვის და შენთვის,
ა დ ა მ ი ა ნ ი ს პატივისცემა
ძახილის ნიშნად ღირსებას ერთვის!

შენ არ გჭირდება არავის ზიზღი,
ნუ გიხარია ნურავის ავი,
არ შეიძლება სხვისი გინებით
არ დაიმცირო თვით შენი თავი.

“დიდება უფალს”, ამაყად ამბობ,
მერე კი განსჯი ზიზღით, ფურთხებით,
ადამიანის ზიზღით ივსები,
“საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით”…

ნუ გაგიტაცებს ბელეტრისტიკა,
დროშის ფრიალი, სიტყვის ბრახუნი,
თანაგრძნობა და კეთილგანწყობა
ერთადერთია სულის სალბუნი.

ერთადერთია ქვეყნად ღირსება,
ღ ი რ ს ე ბ ა არის შენი სანთელი,
ა დ ა მ ი ა ნ ი ს პატივისცემა
უმთავრესია შენი სათქმელი.