ეს წამი

მინდა ვიწამო ეს წამი, სიზმარია თუ ცხადია,
მინდა გუდაში ჩავტიო სულ თუ კი რამ მაბადია,
მინდა გავუყვე ამ ბილიკს, მთვრალი, წინ დაუხედავი,
დავხარჯო რაც გამაჩნია, გავხედნო გაუხედნავი,
რომ დავივიწყო ეს სული… შემაძლებინა ნეტავი.

სარკე

მჭირდება სარკე, სულის სარკმელი,
რომ მოისმინოს ჩემი სათქმელი,
რომ მომცეს წმინდა ანარეკალი,
რომ არ შემმოსოს ბარდით, ეკალით,
რომ აღარ ვიყო უჩინმაჩინი,
რომ გავიჩინო ჩემი აჩრდილი,
რომ იყოს მუდამ ჩემი ქომაგი,
რომ ჩემი ძალა გახდეს ორმაგი…
სარკეს მიუსვეს როცა სანთელი
უმალ მოჰფინა ოთახს ნათელი.