ჯეელი ვიყავ

ჯეელი ვიყავ, ლხინად მიმაჩნდა გზად გაფენილი საწუთროება,
არ მადარდებდა არსი თუ თარსი, არც უვარგისი ჩემი დროება.

მაშინდლის მახსოვს ფერი ნაირი, მცხუნვარე მზე და გრძნობის მორევი,
მეგონა დარდი ვერანაირი ვერ გახდებოდა ჩემი მომრევი.

გაუფერულდნენ მას მერე დღენი, ამაოებამ დაფერა დარი,
ჩამომეფუშა თეთრი აფრები, აღარ მომსდევდა ზურგიდან ქარი,
აღმოვაჩინე, გაოცებულმა, თურმე სიმწიფის შევაღე კარი,
და იმ ხანიდან ავზე და კარგზე უმალ შევიქენ მე ამაგდარი.

მეგონა განძი აღმოვჩინე, თუნდაც მძიმე და ძნელად საზიდი,
მყისვე საომრად აღვიკაზმე და ქამარ-ხანჯალის შევკარ აბზინდი.

ვეომებოდი ქარის წისქვილილებს, კუდიანებს და ჭინკებს ვლანდავდი,
სანამ მაჭარი არ დამიდუღდა და სამყაროსთან ისევ დავზავდი.

ჯეელი არ ვარ კარგა ხანია და აღარ მითრევს გრძნობის მორევი,
მით უფრო მეტად, არცერთი ჭინკა აღარ მგონია ჩემი მომრევი.

0 Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *