შეძახილით ხე გახმაო

ვინმე იმაზე თუ დაფიქრებულა, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტები ერის იმიჯები ხდებიან, ისინი ჩვენი ცოდვების სიმძიმით, დორიან გრეის პორტრეტივით, ნელ-ნელა მახინჯდებიან. მერე, როდესაც ამ ჩვენივე სიმახინჯით აღშფოთებულნი, ჯავრს მათზე ვიყრით და გულში დანას ჩავცემთ, დაკოდილი და ცოდვებით დამახინჯებული ჩვენივე ქვეყანა შეგვრჩება ხოლმე ხელში, “განწმენდილ” პრეზიდენტებს კი პანთეონებში მივასვენებთ.
ხსნას რომ მხოლოდ (მორიგი) პრეზიდენტის (ავის თუ კარგის) ფეხქვეშ გათელვაში ვეძებთ, იმაზე თუ ვფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ღრმად, ერის დაცემულ მენტალიტეტშია ჩამარხული. თუ გვახსენდება “შეძახილით ხე გახმაო”. თუ ვაცნობიერებთ რომ ამ ძვალსა და რბილში გამჯდარი, მუდმივი ბილწსიტყვაობით, ავის რწმენით და ავის ქადაგებით, განმკითხველობით და ავის სურვილით ნებისმიერ ახლად ამოყრილ ნერგს გავახმობთ.
წამდაუწუმ რომ საპატრიარქოში დავრბივართ, ის თუ გვახსოვს რომ იესო, ისრაელს მაშინ მოევლინა როდესაც ქვეყანა რომის ყმობაში იმყოფებოდა. ჰეროდე ტირანობდა, რომის ხარკი კი ქვეყანას სულს ხდიდა. იესო, იუდეველთა მეფედ და მხსნელად მოიაზრებოდა. ერთი სიტყვა თუ გახსოვთ სახარებიდან სადაც იესო ან ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს ან ვინმე კონკრეტული პირის განკითხვა-გასამართლებისკენ. როდესაც მას ამის გამო გამომწვევი შეკითხვა დაუსვეს, კეისრის ხარკზე რას ფიქრობო, იმ ბრწყინვალე სიტყვებით უპასუხა, რომლებმაც საუკუნეების სიბნელე გამოანათეს – “მიეცით კეისარს კეისრისაო”. ბედნიერების, წესრიგის, სიყვარულის, ნეტარების საძებნელად იესომ ისინი (და ჩვენც) სულ სხვა მიმართულებით გააგზავნა, საკუთარ თვალში დირეს ძებნა დაავალა და არა სხვის თვალში ბეწვისა. საკუთარი სახლის (სულის) დაწმენდა-დაპატრონებისკენ მოუწოდა და არა გარეგარე კუდიანების ძებნისკენ.
ჰოდა, ძალიან მაინტერესებს ამ ჩვენს საქართველოში, დღეს, ვინ იქნებოდა გმირი, იესო თუ ბარაბა.
თუმცა, უკვე წარმომიდგენია ამ ჩემს ნაწერზე დიდი ნაწილის რეაქცია – “რა დროს სახარებაა კაცო, ქვეყანა თავზე გვექცევაო”. სწორედ ასე მიპასუხა უწინ ჩემმა ერთმა ნათესავმა, რომელმაც ღვიძლი ბიძის გასასამართლებლად დამიბარა და მე კი გავბედე და იესო შევახსენე.
ჰო, რა დროს იესოს რჩევებია. იესო მხოლოდ ქორწილებსა და პანაშვიდებში. იესო მხოლოდ იმისთვის რომ ყალბნეტარება მოფენილი სახეებით პირჯვარი გადავიწეროთ და ღვთისგან დაცულობის ილუზიაში ვიცხოვროთ.
მაინტერესებს, იმათ, ვინც ჭირსა თუ ლხინში ეკლესიასთან არიან ატუზული, გულში მჯიღის ცემით სვამენ (იდაყვაწეულნი) წმინდა სალოცავების სადღეგრძელოს და ეხლა კი ხელში ქვა მომარჯვებული დარბიან, თუ ახსოვთ – “პირველი ქვა მან ისროლოს, ვინც უცოდველიაო”.
ვინც მოუწოდებს პარლამენტიდან ყურით გამოთრევისკენ და ქუჩაში გასამართლებისკენ თუ ახსოვს – “ნუ განიკითხავო”, “მიუტევე, დაუტევე და იყოს ის შენთვის ვითარცა მებაჟეო”.
ნუ განიკითხავო? ამაზეც წარმომიდგენია ბევრი თქვენგანის რეაქცია. ეს რომ ერთ ჩემს მეგობარს ვუხსენე შემომიტია, აბა რა ვქნა გულხელდაკრეფილი ვიჯდეო? ამხილე მეთქი, რომ ვუთხარი შუშის თვალებით შემომხედა, აბა მე რას ვაკეთებო. სულ მცირე ერთსაათიანი მსჯელობა მაინც დამჭირდა მასთან, რომ განკითხვასა და მხილებას შორის სხვაობა დაენახა. და ის ჩემი მეგობარი გამონაკლისი არ არის. იესო გვეუბნება ნუ განიკითხავო, იგივე იესო გვიბრძანებს ამხილეო. და თუ დაგვავიწყდა (ან არასოდეს გვცოდნია) რა რას ნიშნავს, გავიხსენოთ რომ განკითხვა სიბრაზეა, მხილება სინანული, გაკითხვა აგრესიაა, მხილება სიყვარული, განკითხვა ლანძღვაა, მხილება რჩევა, განკითხვა დასჯაა, მხილება დახმარება და გამოსავლისკენ მითითება, განკითხვა შხამის ამონთხევა და სხვისი ენერგიის მიტაცებაა, მხილება ღვაწლი, შემოქმედება და სიკეთის თესვა.
არა ცილი დასწამოო? ეს ხომ მხოლოდ ზღაპრად წერია ბიბლიაში.
რამდენიც გინდა იმდენი პირადი მეგობარი და ახლობელი ვამხილე იმაში, რომ დაუდასტურებელ ავ ჩაძახილს (ერთი თუ მეორე მიმართულებით) გადაუმოწმებლად, ეჭვმიუტანლად ამოსძახებდა და სიმართლედ ასაღებდა (ოქრუაშვილის “გაპარსული ფეხებიდან” დაწყებული, ბურჯანაძის “რუსეთის აგენტობით” გაგრძელებული, თუ მუხროვანის ამბოხის “ჩაწყობით” დამთავრებული). ცილის წამების მცნება რომ შევახსენე და სიფხიზლისკენ მოვუწოდე ხმალი იშიშვლეს, მე რა შუაში ვარ “ცნობილი ფაქტიაო”. მაინც რა მოხერხებული, ყოვლისმომცველი წყაროა ეს “ცნობილი ფაქტი”, სადაც გინდა იქ დაიმოწმებ.
და თუ მაინც ძნელია იმის დანახვა რომ მთვარი პრობლემა ჩვენივე სულის სიღრმეშია, მე გეკითხები მკითხველო, ეკლესიასთან ანგარიშმიუცემლად ატუზულო მკითხველო, ხელში ქვამომარჯვებულო მკითხველო: ის ვინც ავს უფრო იწამებს ვიდრე კარგს, ავს უფრო ხედავს ვიდრე კარგს, ავს უფრო ახსენებს ვიდრე კარგს, ავს უფრო ქადაგებს ვიდრე კარგს, ზიზღს თესავს და არა შერიგებას, განიკითხავს და არა ამხელს, ჩაქოლვისკენ მოუწოდენს და არა ლმობიერებისკენ, ამბოხისკენ და არა თვინიერებისკენ, ვის ძალას აღიარებს ეს ადამიანი (ერი), ვისი სჯერა და ვის ემსახურება, ღმერთს თუ ეშმაკს?
და ბოლოს, საინტერესო ისაა რა შეკითხვის წინაშე ვდგავართ ჩვენ დღეს, ვინ როგორ ხედავს რეალობას, თუ ვინ როგორ ქმნის რეალობას.
ვინაიდან:
“ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ რაც ამ ლეღვს შეემთხვა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, – ასე იქნება” მათე.21.21 …
… ჰიტლერმა შექმნა გერმანია, თუ გერმანიამ ჰიტლერი? შევეკითხე ერთ მთავრობაზე გაკაპასებულ ორატორს (სხვათა შორის ზვიად გამსახურდიას დროსაც ტელევიზიასთან იდგა). კვადრატული თვალებით შემომხედა, ვერ გაიგო რას ვეკითხებოდი. აღარ ჩავძიებივარ…

0 Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *