სიაჩნხლე გახდა საქები

სიდინჯეს ვის მოუწოდებ?
განა ვინ არის გამგები?
ამ პირუკუღმართ ქვეყნისთვის
სიანჩხლე გახდა საქები.

საქები არის სიავე
“ქუჩური პრავის კაჩავი”,
მტერი რად უნდა გიყვარდეს
ბევრი ვერ ვნახე მქაჩავი.

რაც უფრო ვნებით აგინებ
“უმრავლესობის” მოკვეთილთ,
რაც უფრო მეტ შხამს ამრავლებ
ბაგეზე დუჟის მოფენით,

მით უფრო მოგიწონებენ,
“ლაიქიც” ბევრი გექნება,
გესლი და უტიფარობა
ანთებულ გულად გეთვლება.

ფასობს ძალა და აღვირი,
თუ გატყეს ლმობიერება,
შენი სიმაღლე უმალვე
დაბალ ღობეში ერევათ.

კანონით საქმის მიყოლა
ვაჟკაცებს არ ეკადრებათ,
თუ ვინმე “კანონიერი”
მეტოქეს არ ემართლება.

თვალით თვალის წილ უზღვიან,
ნაბიჯს იქით ვერ ხედვიან,
“ღმერთის მსახურნიც” მრევლს ამგვარ
აღებ-მიცემით ხედნიან.

პატივისცემა გაძვირდა
ადამიანის უზომოდ,
ამას არჩიეს რომ მოყვასს
ყველა ნაბიჯი უზომონ.

რამ გაგავეშათ ჯამათნო,
რად დაივიწყეთ ჯვარცმული,
მისი სწავლება ნარჩევი,
თვალმარგალიტით ასხმული?!

ფეხქვეშ რომ თელავთ ღირსებას,
იცით რომ ერთადერთია?
ჩემი, შენი და იმისი,
დამემოწმება ღმერთია.

0 Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *