სახლი ვაშენე ღრუბლებზედ, იმად ვიყავი ამაყი,
არ მიხმარია ქვითკირი, არც ხე, არც რკინის სამაგრი,
საძირკვლად გამოვიყენე მოყვასნი, მათზე ამაგი,
ასე ვაგებდი, სიმყარით რომ ყოფილიყო ათმაგი.
საყრდენი მრავლად გამოჩნდა, ზრუნვით ნარჩევი სამტკიცი,
სახლს დედაბოძად ვაყუდვნე ძმაი, ერთგულად ნაფიცი.
არ მაშინებდა ამ სახლში არც წვიმა, არც ქარიშხალი,
ბზარი არ ჰქონდა სიყალბის იმას არცერთი მისხალი.
მას მერე წყალმა იარა, და ხანიც უხვად გამოხდა,
გარშემო ბევრი აშენდა, ბევრიც უკვალოდ აოხრდა,
სახლი კი ჯერაც მყარია, თუმცა საწყენი რამ მოხდა,
ის ბოძი, კლდე რომ მეგონა, უბრალო ჭიამ გამოხრა.
ჯერაც სახლში დგას, თუმცა კი ფუტუროდ, მერე რა მოხდა,
მას სახლი აღარ ეყრდნობა, მისი საყრდენი გაოთხდა,
ძველ დროს ხომ მაინც მაგონებს, რაა რომ ჟამი გამოხდა,
ლამაზი იყო, რაც იყო, ბევრი ზღპრული რამ მოხდა.