ბილიკი ბევრი ვამრავლე,
ლექსი მინდოდა მეთქვა,
ის რაიც შენ დამაბარე,
როგოგორ წავიდე ვერ ვთქვა.
ვერ ვთქვა რითა ვართ კეთილი,
რისაა ეს ქარტეხილი,
რაისთვის ხარობს ბაღნარი,
როგორ მოისხას ხემ ხილი.
არ მინდა ვნახო წალკოტი,
მოსავლისათვის შექმნილი,
უქმად დამჭკნარი, ვერანი,
საშეშედ გამოჩეხილი.
ვბარავ, ხან ვთოხნი, ხან ვდურგლობ,
ხან ვკალატოზობ პურისთვის,
ამბის სათქმელად ვირჯები,
არც შიშის და არც შურისთვის.
მაგრამ, ვერ ამომითქვია,
ის ჩემი, შენგან სათქმელი,
წყვდიადი მეფობს გარშემო,
ვერ კი გავკვეთე სარკმელი…
ამღამაც ამით ვიძინებ
“ხვალ ვიტყვი რაც დამჩენია”,
სანთელი ხელში მადნება,
შიში კი არ გამჩენია.