სულში იღვრება რბილი სურნელი
წიგნის უბიდან ამონაპარი,
ღამის პეპლების ალყასთან ურჩობს
აბჯარაყრილი ნავთის ლამპარი.
ანცი ჭრიჭინით წყლის ჩხრიალს კმაზავს,
ღამეს ლხინი აქვს გადაწყვეტილი,
ტყეს შეპარვია ლურჯ-შავი ზეცა,
წვრილმარგალიტით გადაპენტილი.
სკამზე აცუცქულს, ქალ-სილამაზეს
წყვილი მუხლი აქვს ამოკეცილი,
პატარა ჭინკა პირღიად ფშვინავს,
გულხელაღმა და სახეკეთილი.
რა არის ნეტა ცად ნეტარება?
ბევრად მეტია ნეტა ამაზე?
არა მგონია ზეყანა იყოს
უპირატესი ამ ქვეყანაზე.