კაცთმოძულე ღვთისმოყვარენო

ყველანი, ვინც ამ სივრცეში ზიზღს, გინებას და ღვარძლს თესავთ, ყველანი უკლებლივ, ხართ თანაშემოქმედნი იმ უბედურების, რაც 20 ივნისს დატრიალდა და მთელი იმ უბედურებების კასკადის, რაც უკვე ათწლეულებია ამ ქვეყანაში გრძელდება. ზოგნი უგნურებით აკეთებთ ამას, ზოგნი კი ანგარებით. განსაკუთრებით მათ ეხება ვინც ან ამ ხელისუფლების ნასუფრალით იკვებებით, ანდა ამ, ან წინა ხელისუფლების ნასუფრალთან არ მიგიშვეს (მიუხედეავ დიდი მცდელობისა) და ამით ხართ განაწყენებულნი.
ასე იქნება სანამ არ მოიშლით ადამიანების ნაცებად და ქოცებად, ჩემიანებად და სხვისიანებად დაყოფას, სანამ არ მოიშლით სიბრაზით გონებაგადაკეტილ, ერთპულუსიან აზროვნებას, სანამ არ გააცნობიერებთ რომ ვერ გექნებათ ღირსება თუ ზოგადად, ადამიანის ღირსებას არ სცემთ პატივს.
ყველაფერი კი საძრიკვლიდან იწყება, ძირითადი ღირებეულებებიდან, იმ ქვაკუთხედიდან, რომელზეც თქვენი პიროვნება უნდა ააშენოთ. რა არის თქვენი ქვაკუთხედი?
“სხვის” სიავეს ასე იოლად როგორ აღიარებთ თუ ამ სიავეს საკუთარსავე თავში არ ხედავთ. “სხვის” ძალადობას როგორ გმობთ როცა, თავადვე ასეთი აღვირახსნილი გინებით იკლებთ ერთმანეთს. დაგავიწყდათ ერთი თიხიდან რომ ხართ გამოძერწილნი?
მაშ რა არის თქვენი ქვაკუთხედი? “ქრისტიანობა”? “ქართველობა”? “ღირსება”?
საღმრთო დროშებს აფრიალებთ, ღვთის სიყვარულს იჩემებთ. იცით კი რომ ღმერთის სიყვარული ადამიანის სიყვარულით იწყება. სად წავიდა ის მთავარი, მაკურნებელი სავარჯიშო “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”, სად მიაკარგეთ “გიყვარდეს მტერი შენი”?
იესოს მაცოცხლებელი სწავლება თქვენ ისევ უბადრუკ, წარმართულ საკურთხევლად აქციეთ. ჯვარცმის სიმბლო თქვენთვის, ჩვეულებრივი (სრულიად იდენტური), წარმათული კერპია. კერპი, რომელიც მოგიწოდებს, “მიერთგულე, მეთაყვანე, ხარკი შემომწირე და ამის სანაცვლოდ, მე შენ გიმფარველებ, “სხვისგან” გამოგარჩევ, მათ დავსჯი და შენ კი გახეირებ. ნეტარ იქნები, ცხონდები, არა იმიტომ, რომ შენივე მეცადინეობით, საკუთარ სულს შიშისა და სიავისგან გაანთვისუფლებ, არამედ იმიტომ რომ ჩემი მაგიური ქოლგის ქვეშ მოგაქცევ.”
ჰოდა თქვენც, ამ იოლი “მფარველობის” მოსაპოვებლად, ყალბნეტარება მოფენილი სახეებით უჩოქებთ მამაოებს, მერე ამით “პრივილეგირებულნი” გარეთ გამოდიხართ და ამპარტავნული უპირატესობის შეგრძნებით განიკითხავთ “ცოდვილებს”.
“გიყვარდეს მოყვასი”, “ნუ განიკითხავ” არის ყველაზე მთავარი საკურნებელი რაც იესომ მადლის მისაღებად და ნეტარების მოსაპოვებლად დაგიტოვათ. თქვენ კი მადლის მიღება, ზეთის ცხება, კედლების მორწყვა და საზიარებელი ღვინის წრუპვა გგონიათ. იმიტომ რომ მავანმა “შუამავალმა” მხოლოდ ეგ გასწავლათ, თქვენ კი თავიც კი არ შეიწუხეთ რომ საწყისისკინ გაგეხედათ.
ღირსება, რომელიც ასე ხშირად გაკერიათ პირზე, ერთია ყველასთვის, და ეს ღირსება სხვა არაფერია თუ არა ადამიანის პატივისცემა. ეს არის ერთადერთი მყარი ქვაკუთხედი და მხოლოდ ამ საძირკველზე შეიძლება აღმოცენდეს ჯერ თავისუფალი მოქალაქე და შემდეგ მყარი სახელმწიფო.

0 Shares

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *