ზოოპარკში ნამყოფი ხართ? ეს ის ადგილია, სადაც საპარლამანტო ოპოზიციის კანდიდატის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობა სამოქალაქო ომს აანონსებს.
ცნობისათვის, ზოგადად, საპარლამენტო ოპოზიცია ეწოდება ხალხის მიერ არჩეულ, ხელისუფლების სრულიად ლეგიტიმური ნაწილს. გამარჯვებული ოპოზიციური კანდიდატი კი (როცა ასე ხდება), ყოველ ეჭვ გარეშე (ვინაიდან არჩევნებს ოპოზიცია ვერ აყალბებს), არის პიროვნება, რომელსაც ქვეყნის ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს.
მაშ ვინ აანონსებს სამოქალაქო პროტესტს? რა მანდატით? როცა მმართველი გუნდი ლეგიტიმურ არჩევნებს წააგებს, ასევე ლეგიტიმურ საპარლამენტო ოპოზიციასთან, მან ომი უნდა დაიწყოს? ხალხი თუ სხვას აირჩევს, ხელისუფლებაში მყოფებმა ძალადობისკენ უნდა მოუწოდონ, თვადაც იარაღი აისხან, ჯარისკაცებად ჩაესწერონ და ომში ჩაებან? ამაზე დიდი მარაზმი თუ გსმენიათ სადმე.
ამ განცხადებებს რომ პოლიტიკურად გაუნათლებელი “ობივატელი” აკეთებდეს კიდევ გასაგებია, მაგრამ, როდესაც ამას აკეთებენ მმართველი გუნდის პოლიტიკოსთა ინტელექტუალური ფლაგმანები, ეს უკვე ნამდვილი ზოოპარკია.
ზიზღი ზოგადად ცუდი მეგზურია ცხოვრებაში, მითუმეტეს როდესაც ამ ზიზღის გამო საზოგადოებას, განურჩევლად, ჩემიანებად და სხვისიანებად ჰყოფ და ნებისმიერ საღ არგუმენტს ისხლიტავ “მოწინააღმდეგე ბანაკიდან”. ქართული ოცნების ფუნდამენტური შეცდომა იმაში მდგომარეობს რომ კონკრეტულ დანაშაულებებს განაზოგადებენ, კანონიერად არჩეულ, საპარლამენტო ოპოზიციას კრიმინალებს უწოდებენ, ქედმაღლური ცინიზმით დაჰყურებენ და ზიზღის ენის ფართომასშტაბიან კულტივაციას აკეთებენ, მისი თანმდევი წახალისებული ძალადობებით.
თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა ის უნდა გასამართლდეს, კანონიერი სასჯელი მიესაჯოს და ეს სასჯელი მოიხადოს!!! ხოლო თუ კანონით და სამართალწარმოებით ეს ხალხი უდანაშაულოა, თუ მათ საპარლამენტო მანდატი აქვთ, და მითუმეტეს თუ მათ დღეს ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს (თქვენივე უცხვირპირობის გამო), მაშინ მათ სრულ უფლება აქვთ აზრი გამოთქვან და/ან თავიანთი პოლიტიკური მოვალეობა შეასრულონ (რაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ამჯერად სწორედ ოპონირებაში მდგომარეობს), აქ ზედმეტი სენტიმენტები უადგილოა. დამნაშავეა და ვერ დაუსაბუთე? სამართალი ვერ აღასრულე? მაშ რისთვისღა ებღუჭები ძალაუფლებას? გადადექი და ასპარეზი მას დაუთმე ვინც მოვალეობას უკეთ შეასრულებს, კანონის გზით და არა ბოღმა სიძულვილის თესვით.
დემოკრატია გინდათ? ეს არის დემოკრატია და ეს არის დახვეწილი ღირებულებები. და თუ თქვენ ისევ და ისევ “თვალი თვალის წილ…”, ჩაქოლვა, საუკუნო ზიზღი, განკითხვა და სიძულვილი არჩიეთ (იმ უცვლელი არგუმენტით რომ ვინმეს ცხრა წელი სძულდა და იძალადა), კარგად დაფიქრდით თავად რა ძალადობას და განუკითხაობას უყრით საფუძველს.
არსებული მთავრობის შეცდომებთან და ნაკლოვანებებთან ნაციონალური მოძრაობის წარსულს აღარფერი ესაქმება და ეს უსასრულო სპეკულაცია როდესმე უნდა დასრულდეს. ერთი მხარის ნაკლოვანება მეორისას რომ არ ამართლებს ეს ხომ ბავშვური ჭეშმარიტებაა. ქართული ოცნება სწორედ იმიტომ ვერ ახორციელებს სამართალს, რომ ბოღმით, შურისძიებით, შიშით და მიკერძოებით მოქმედებს და არა სიმართლით. სამართალი არ მიიღწევა ორმაგი სტანდარტებით, არ მიიღწევა საზოგადოების “ჩემიანებად” და “სხვისიანებად” დაყოფით. ნემისმიერი ოპონენტის, ჟურნალისტი იქნება, სამოქალაქო სექტორი თუ უსამართლლობით დაჩაგრული მშობელი, მტრად გამოცხადებით, მათი დაცინვითა და ზიზღით.
რაოდენ ვიწრო აზროვნების უნდა იყო ადამიანი რომ ნაციონალურ მოძრაობას განიკითხავდე პატიმართა უფლებების დარღვევის გამო და ამავ დროს, აცხადებდე რომ ისინი თავად არანაირ ადამიანურ უფლებებს არ იმსახურებენ (რაც პრაქტიკულად ყოველდღე გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან). თუ ჩვენ მსჯავრდებულების უფლებებს ვიცავთ (მათ შორის მკვლელების, ხახლის გამტაცებლების და პედოფილების), თუ მიგვაჩნია, რომ დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, მათ უფლება აქვთ სამართლიან სასამართლოზე, კანონიერ სასჯელზე, სასჯელის მოხდაზე (მათ შორის, ყბადაღბულ ამინისტიაზეც) და სრულუფლებიან მოქალაქეობაზე, რა ლოგიკით მივაკუთვნებთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს არაადამიანთა სიას? რა უფლებით ვაცხადებთ რომ ისინი, კანონიერი ზომების გარდა, კიდევ რაიმე განსაკუთრებული ზიზღის და შევიწროვების საგანი უნდა იყვნენ და რომ მათ ხმის ამოღების უფლებაც კი არ გააჩნიათ? თქვენ მიგაჩნიათ რომ, ზოგადად, დამნაშევენი და მსჯავრდებულნი ზიზღის და/ან შევიწროვების ღირსნი არიან? და თუ არა, მაშ რატომ მიიჩნევთ რომ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრნი უნდა იყვნენ ასე უვადოდ და უსასრულოდ, ამ უკანასკნელის სამიზნე, კანონის ჩარჩოების მიუხედავად და მიღმა?
ეს დაუსრულებელი ზიზღი თანამიმდვრულად კულტივირდება და წახალისდება სწორედ ქართული ოცნების მიერ, სწორედ საკუთარი ნაკლოვანებების დამალვის და ტახტის გამყარების მიზნით. აგერ უკვე ექვსი წელზე მეტია ამას ეწირება მათი ძალის ხმევის ლომის წილი, რაც მათი წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზია. არ მგონია ამას გამადიდებელი შუშა სჭირდებოდეს.
არ დაიღალეთ ამ ზოოპარკის ყურებით? ხომ არ შეიძლება მიდმივად ამ გაუთვებელ წრეზე სიარული? მოდით რა, დაანებეთ თავი ამ ზიზღს და პათეტიკურ ენის ტლიკინს და ამ ჩვენ ანგელოზივით ქვეყანას მივხედოთ!