ვეროდეს მიხილავთ ჩემი სახელით მოვაჭრენო!
რამეთუ სახელი ჩემი გსმენიათ და არ კი მიცნობთ,
რამეთუ კედლებს გამოგარიდეთ, თქვენ კი კვლავ კედლებში შეიკეტეთ,
რამეთუ ჯვალოს ხალათი მეცვა თქვენ კი ოქრომკერდით შეიმოსეთ,
რემეთუ ქვაზე ვიჯექ, თქვენ კი ოქროს ტახტი დაიმშვენეთ,
რამეთუ თავმდაბლობისკენ მოგიწოდეთ, თქვენ კი ამაყად იწვდით ხელს საკოცნელად,
რამეთუ ფეხებს გბანდით, მსახურების მაგალითს გაძლევდით, თქვენ კი მსახურნი დაიყენეთ,
რამეთუ გლახაკთან და ცოდვილთან ვტრაპეზობდი, თქვენ კი მათზე ქედმაღლობთ და ქვებს უშენთ,
რამეთუ ცის კარიბჭე ფართოდ გავაღე ადამის ყოველთა შვილთათვის, თქენ კი მხოლოდ სათქვენოდ დაიგულეთ, ყალბი კლიტე დაადეთ და ბაჟსაც კრებთ ჩემი სახელით,
რამეთუ კერპის თაყვანება დავგმე, თქვენ კი თავად მაქციეთ კერპად,
რამეთუ წერილზედაც აგამაღლეთ, თქვენ კი მწირ ნივთებს დაჰკანკალებთ,
რამეთუ სულზე კლიტის ასახსნელად, სიწმინდესთან საზიარებლად, მოყვასთან აღსარება გასწავლეთ, თქვენ კი სიწმინდის მიღება მოგვურ რიტუალად აქციეთ და მასზე უფლებებს დაეპატრონეთ,
რამეთუ, სულის საწრთვნელად, მუდამ მარხვა გასწავლეთ, თქვენ კი ფარატინა თარიღებსა და ნარჩევ საკვებს დასდევთ და სულის წრთვნა კი არაფრად გიღირთ,
რამეთუ სულისა და ხორცის ჭეშმარიტი საზრდო დაგიტოვეთ, თქვენ კი გრძნეულთ მაგვარი ბუტბუტი, ზეთის ხარშვა და კვამლის ფრქვევა არჩიეთ,
რამეთუ სილაღესა და უშიშობას ვქადაგებდი, თქვენ კი შიში დანერგეთ,
რამეთუ თავის უფლებას გასწავლიდით, თქვენ კი თავის შეცნობასაც უფრთხით, თქვენსასაც და სხვისასაც,
რამეთუ ღმრთის ყოვლისშემძლეობას ვქადაგებდი, თქვენ კი ეშმაკის ძრწოლას ნერგავთ,
რამეთუ ადამიანის სიყვარული მთავარ სავარჯიშოდ დაგიტოვეთ, თქვენ კი განკითხვა და ადამიანის ზიზღი ამრავლეთ,
რამეთუ ღმერთს გინდათ აამოთ, ადამიანს კი არაფრად აგდებთ,
რამეთუ შიში და ანგარება გამოძრავებთ და არა თანაგრძნობა და სიყვარული,
რამეთუ ვერ შეგიგნიათ, რომ ჩემთან ყოფნა არც ხარკით მოიპოვება და არც ერთგულების ფიცით, არამედ სულიერი ღვაწლით,
რამეთუ სინათლეს, რომელიც დაგანახეთ, თვალი ვერ გაუსწორეთ და წყვდიადისკენ იბრუნეთ პირი,
რამეთუ ახლაც მზადა ხართ ისეთივე სისასტიკით დამსაჯოთ, როგორც უწინ, რადგან ვერც ვერასდროს მცნობდით და არც ის უწყით რომ თქვენთან ერთი ვარ.
ვაგლახ, ვერასდროს მიხილავთ, მხდალნო და სულით ზარმაცნო!