ყველაზე ნაღდი მაშინ ვარ, როცა მივდივარ მდუმარი,
ქუჩას და გამლელ-გამომვლელს ვუცქერი როგორც სტუმარი.
სიმშვიდე დამეუფლება, თითქოს ამ ქვეყნის არ ვიყო,
არა ვარ ჩასაფრებული, რომ “სხვასთან” რამე გავიყო.
…
ამეხილება თვალები, როდესაც სრულად აქა ვარ,
აქ ყოფნა იმას გამიმხელს, რომ მხოლოდ ესეც არა ვარ.
არა ვარ ხორცი, არც ძვალი, არა ვარ ჩემი დარდები,
არ ვემონები დროებას, არც ვიწყები, არც ვმთავრდები,
თვით ყოფნა საკმარისია, სრული ნდობა მაქვს განგების,
არ მიჩრდილავენ სიხარულს ამაოების ფარდები.